აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოვარდნა შესაძლოა რუსული რაკეტით დაზიანებამ გამოიწვია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ყაზახეთში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის დაზიანებისა და ჩამოვარდის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის შეცდომა შეიძლება გამხდარიყო. ეს ვერსია აქტიურად განიხილება რუსულ მედიაში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ქალაქ აქთაუს აეროპორტთან მომხდარ ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 38 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. მათგან 37 აზერბაიჯანის მოქალაქე იყო.

როგორც დამოუკიდებელი გამოცემა Meduza წერს, 25 დეკემბერს, Embraer 190-ის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბლოგერმა Fighterbomber-მა, რომელიც რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებთან ასოცირდება, თავის Telegram არხზე ავარიის ადგილიდან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თვითმფრინავის ნამსხვრევებზე საზენიტო რაკეტის დამაზიანებელი ელემენტებით გამოწვეული დაზიანების მსგავსი კვალი ჩანს.

დაზიანებებს - ნახვრეტებს ყურადღება მიაქციეს Telegram-არხებმაც და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ისინი „გამანადგურებელი ელემენტების კვალს“ და „გარედან ზემოქმედებას“ ჰგავს.

ასევე გავრცელდა კადრები, რომელიც ფრენის დროს, თვითმფრინავშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ თვითმფრინავის ფრთა დაზიანებულია - ეტყობა ნახვრეტი. ამასთან, თვითმფრინავის სალონში უკვე ჩამოშლილია ჟანგბადის ნიღბები.

BBC რუსული სამსახური წერს, რომ დაზიანებები, რაც გავრცელებულ ფოტოებზეა ასახული, შესაძლოა გამოეწვია სარაკეტო ქობინის გამანადგურებელი ელემენტების მოხვედრას.

„ჯერჯერობით ეს ყველაზე ლოგიკური ახსნაა, მაგრამ მისი მინუსი არის ის, რომ არ დასტურდება სხვა ფაქტებით: არ არსებობს განცხადებები სამსახურების მხირდან, რომლებსაც აქვთ საჰაერო სივრცის თვალთვალის შესაძლებლობები და შეუძლიათ თვალყური ადევნონ რაკეტების გაშვებას. ასევე არ არის კომენტარი მათგან, ვინც მოისმინა ეკიპაჟის და დისპეტჩერების საუბარი“, - აღნიშნავს BBC.

Euronews-მა ავიაკატასტროფის გამოძიებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გადარჩენილმა მგზავრებმა აფეთქების ხმა გაიგეს, რასაც მოჰყვა რაღაც, რაც თვითმფრინავის კორპუსზე ჭურვის ფრაგმენტების მოხვედრას ჰგავდა.

სამხედრო ანალიტიკოსმა იან მატვეევმა გამოცემა „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ თვითმფრინავი შეიძლება დაზიანებულიყო რუსული საზენიტო კომპლექსის - „პანცირ-ს1“-ის მცირე რაკეტით:

„ჩვეულებრივ, საზენიტო რაკეტა ბევრად უფრო მეტ დამაზიანებელ ელემენტებს ატარებს, მაგრამ თუ ეს იყო პატარა საზენიტო რაკეტა, მაგალითად, „პანცირ-ს1“-ის კომპლექსი, პლუს ის აფეთქდა თვითმფრინავიდან ძალიან შორს და მხოლოდ ნამსხვრევების ნაწილმა მიაღწია, მაშინ დაზიანების სურათი შეიძლება იყოს ასეთი“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ვერსია, რომ თვითმფრინავი ფრინველების გუნდთან შეჯახების შედეგად დაზიანდა, „უკვე სრულიად წარმოუდგენელ ვარიანტად გამოიყურება“, თუმცა რჩევა ჟანგბადის ბალონის აფეთქების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

„მგზავრები იმასაც ამბობენ, რომ თვითმფრინავის გარეთ ერთი ან ორი აფეთქების ხმა გაიგეს. ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს საზენიტო რაკეტის გამოყენებაზე“, - დასძინა მატვეევმა.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. როგორც ჩეჩნეთის აეროპორტში განმარტეს, ნისლის გამო თვითმფრინავი გადამისამართდა მაჰაჩყალაში, შემდეგ კი აქთაუში გაფრინდა.

„როსავიაციის“ განცხადებით, თვითმფრინავის ჩიტებთან შეჯახებით საჰაერო ხომალდის ბორტზე შექმნილი „საგანგებო სიტუაციის გამო, მისმა მეთაურმა ალტერნატიულ აეროდრომზე წასვლა გადაწყვიდა და ასეთად აქთაუ შეარჩია“.

კურსის შეცვლის რეალური მიზეზი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა შეიძლება გამხდარიყო.

„რუსეთს უნდა დაეკეტა გროზნოს საჰაერო სივრცე, მაგრამ ეს არ გააკეთა. თვითმფრინავმა დაზიანებები რუსებისგან მიიღო და ის გაგზავნეს ყაზახეთში, ნაცვლად იმისა, რომ გროზნოში სასწრაფოდ დაესვათ და ადამიანები გადაერჩინათ“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ პრესსამსახურში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ განუცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 2013 წელს იყო წარმოებული და სრული ტექნიკური შემოწმება ბოლოს 2024 წლის ოქტომბერში გაიარა.

ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.