გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, სურს გიორგი გაბიტაშვილს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 2 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 3 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 4 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 5 საჯარო რეესტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- 6 აშშ დაასანქცირებს და განდევნის კრიმინალების (ივანიშვილი და კომპანია) ნათესავებს - უილსონი
„მე ვთხოვ გენერალურ პროკურორს, იქნებ შემხვდეს. მე მინდა მას გავუზიარო ის ინფორმაცია, რაც მაქვს მზიას ჯანმრთელობის მდგოარეობასთან დაკავშირებით, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელზეც, შესაძლოა, მას ამ ეტაპზე წვდომა არ ჰქონდეს. მივმართავ დაჟინებით, რომ გამონახოს რამდენიმე წუთი და შემხვდეს“, - განაცხადა ეთერ თურაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე 15 დღეა ციხეში შიმშილობს და პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს. ეთერ თურაძის თქმით, ეს მისი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეებს ქმნის.
„წუხანდელი ინფორმაცია მაქვს, ბოლო ინფორმაცია, რაც არის და ამ შემთხვევაში სახალხო დამცველს ვეყრდნობი - მზია გამოიყურება სტაბილურად, ის აგრძელებს, ინარჩუნებს პროტესტის ამ ფორმას. მზიას ჯანმრთელობისთვის ეს ძალიან დამაზიანებელი მდგომარეობაა, რადგან მას რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და იმის მიუხედავად, რომ ამბობენ, რომ სტაბილურად გამოიყურება, არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე მისი ჯანმრთელობის სეიორზული დაზიანების“, - ეთერ თურაძე N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას სთხოვს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას გულდასმით დააკვირდნენ.
ჟურნალისტები ორ კვირაზე მეტია, ყოველდღე საპროტესტო აქციებს მართავენ მოთხოვნით - შეიცვალოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა და უკანონოდ დაკავებული მათი კოლეგა გათავისუფლდეს. რამდენიმე დღის წინ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტმა ციხეში ამაღლობელის მონახულების შემდეგ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებლად მიაჩნია.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ.
დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ადვოკატების განცხადებით, ირაკლი დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, სახეში შეაფურთხა და ასევე, მისი ბრძანებით, დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და ტუალეტით სარგებლობის შესაძლებლობა.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახალხო დამცველის და ადვოკატების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან მისი ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. მზია ამაღლობელის ადვოკატები და კოლეგები ითხოვენ, საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მიენიჭოს და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი იქნეს გამოძიებული, გამოძიების მიმდინარეობის დროს კი პოლიციის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდეს.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.