რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული „შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის“ საქმე დაიხურება, თავად პრიგოჟინი კი ბელარუსში „წავა“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„თქვენ მკითხეთ, რა მოუვა პირადად პრიგოჟინს. მასთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმე დაიხურება და თავად ბელარუსში წავა. თუ მეკითხებით, რა გარანტიაა იმისა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში წავა, ეს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვაა“, - ციტირებს სააგენტო „ინტერფაქსი“ პესკოვის განცხადებას, რომელიც მან 24 ივნისს, დღის ბოლოს გააკეთა. როგორც პეესკოვმა თქვა, პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
კრემლის წარმომადგენლმა ასევე განაცხადა, რომ აჯანყების მონაწილე „ვაგნერის“ წევრების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაიწყება „ფრონტზე მათი დამსახურებების გათვალისწინებით“.
„მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ თავის ბანაკებში დაბრუნდება. ისინი, ვინც ამას მოისურვებენ, თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებებს გააფორმებენ. ეს ეხება იმ ნაწილს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო ამ მსვლელობაში. მართლაც იყვნენ ისეთი შენაერთები, რომლებიც თავიდანვე მოვიდნენ გონს და უკან დაბრუნდნენ. რაც შეეხება სხვა მებრძოლებს, მათ წინააღმდეგ დევნას არავინ დაიწყებს ფრონტზე მათი დამსახურებების გათვალისწინებით. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით მათ გმირობას ფრონტზე და ყოველთვის შევინარჩუნებთ ამ პატივისცემას“, - თქვა პესკოვმა.
ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, რას გულისხმობს ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ამბოხის მონაწილეების ნაწილში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იმ განცხადების გათვალისწინებით, რომ ყველა, ვინც გაცნობიერებულად დაადგა ღალატის გზას, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
„იყო უფრო მაღალი მიზანი: სისხლისღვრის თავიდან აცილება, შიდა დაპირისპირების თავიდან აცილება, არაპროგნოზირებადი შედეგების მქონე შეტაკებების თავიდან აცილება. სწორედ ამ მიზნებისთვის განხორციელდა ლუკაშენკოს შუამავლობა და პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.
ალბათ მკითხავთ, რატომ პრეზიდენტი ლუკაშენკო. ფაქტია, რომ ის დიდი ხანია პირადად იცნობს პრიგოჟინს, დაახლოებით 20 წლია. ეს იყო მისი პირადი ინიციატივა, რომელიც შეთანხმებული იყო პრეზიდენტ პუტინთან“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ კრემლი „მადლიერია ლუკაშენკოს ამ ძალისხმევისთვის“.
დმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამბოხება გავლენას არ მოახდენს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობაზე, ვლადიმერ პუტინი არ აპირებს, რუსეთის მოქალაქეებს კიდევ მიმართოს და მას არ შეუცვლია თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსადმი დამოკიდებულება იმ უკმაყოფილების გამო, რის გამოც პრიგოჟინი აჯანყდა.
23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებდა. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ გაარკვევდა, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.
„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს“, - თქვა პრიგოჟინმა. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვდა.
თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინის ბრალდებები უარყო და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაცია უწოდა. ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა.
24 ივნისს „ვაგნერმა“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის აეროდრომზე, დაამყარა კონტროლი და მოსკოვისკენ სვლა დაიწყო. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 ივნისს, დილით, რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და პრიგოჟინის ქმედებები „ზურგში დარტყმად“ შეაფასა. მან პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.
„ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს“, - განაცხადა პუტინმა.
24 ივნისს საღამოს, პრიგოჟინმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მისი დაქირავებული მებრძოლების კოლონა, რომელიც მოსკოვიდან 200 კილომეტრში იყო, უკან, საველე ბანაკებში დაბრუნდებოდა.
„მათ „ვაგნერის“ დაშლა სურდათ. 23 ივნისს ჩვენ „სამართლიანობის მარში“ დავიწყეთ, დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვამდე 200 კილომეტრში მივედით. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთიც არ დაგვიღვრია. ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. ამიტომ, ვაცნობიერებთ რა მთელ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ერთ-ერთ მხარეს რუსული სისხლი დაიღვრება, უკან ვაბრუნებთ ჩვენს კოლონებს და გეგმის შესაბამისად, მივდივართ საპირისპირო მიმართულებით, საველე ბანაკებში“, - ამბობდა პრიგოჟინი გავრცელებულ აუდიომიმართვაში.
მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, პრიგოჟინი მოსკოვისკენ სვლის შეჩერებას დათანხმდა. „ამ დროისთვის მაგიდაზე დევს აბსოლუტურად მომგებიანი და მისაღები ვარიანტი სიტუაციის მოსაგვარებლად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით“, - ნათქვამი იყო ლუკაშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.