„რაც მარტში მოხდა, მგონი, უკვე ყველამ გააცნობიერა, ეს იყო დიდი აფერა, რაც საქართველოში ჩატარდა. საქართველოში იყო საინფორმაციო შტურმი და დეზინფორმაციული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდა. ბევრია, ვინც ფიქრობს, ცუდია, რომ თავის დროზე ამ კანონმდებლობის მიღება არ მოხდა, რადგან ჩვენ ვატყობთ, ამ სექტორში გამჭვირვალობა ძალიან დაბალია და ვხედავთ, ქვეყანაში როგორ შემოდის უცხოური ფული და როგორ უკონტროლოდ იხარჯება იმ მხრივ, რომ ხანდახან თავად დონორებსაც კი არ აქვთ სრული სურათი, თუ რაში მიდის მათი ფული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში დაანონსებული ლობირების კანონის მიღების საკითხზე კომენტირებისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმის ნაცვლად, რომ უკრაინელები ომის თემებით ყოფილიყვნენ დაკავებული, საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის იცლიდნენ.
„რაც შეეხება უკრაინის ინიციატივას, სამწუხაროდ, უკრაინელი პოლიტიკოსების მაშინდელი განცხადებებიც გვახსოვს. ნაცვლად იმისა, რომ ომის თემებით ყოფილიყვნენ დაკავებული, რატომღაც, საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის იცლიდნენ, რაც ცალკე ისტორიაა, მაგრამ თუ ახლა აზრი შეიცვალეს, პირიქით, მათ ვურჩევდი, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. თუ ინიციატივა აქვთ, განიხილონ და მიიღონ. მთავარია, ეს იმ სტანდარტებში იყოს, რითაც ჩვენ ვმოქმედებდით, ადამიანების უფლებების სტანდარტებში. იმედია, ამ სტანდარტებს არ დაარღვევენ და კანონს ისე მიიღებენ, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ფინანსების გამჭვირვალობა და, მეორე მხრივ ადამიანის უფლებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„რუსული კანონი“, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას ავალდებულებდა და რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაქრობა იყო, „ქართულმა ოცნებამ“ 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, იმავე დღეს, თბილისში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა რუსული კანონის გაუქმება მოითხოვეს. მთავრობამ საპროტესტო აქცია ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია. მრავალათასიანი აქცია გაიმართა 8 მარტსაც, რომელიც ხელისუფლებამ ისევ დაარბია. სპეცრაზმი დემონსტრანტებს მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში დასდევდა, აკავებდნენ და სცემდნენ მათ. სასტიკი დარბევების შემდეგ მომიტინგეებმა დაამტვრიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანები და ცეცხლი წაუკიდეს. ძლიერი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, 10 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.