„ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს ან ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა გადაავადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად 2025 წლის პირველი იანვარი განსაზღვროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
დღეს, 27 მაისს, გამოქვეყნებულ განცხადებაში ფხაკაძე წერს, რომ როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაუროს:
„წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ.
ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი ოფციიდან ერთ-ერთის არჩევა.
პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა. ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი.
ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1 იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის.
აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე ოფცია ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი“, - წერს ფხაკაძე და იმედს გამოთქვამს, რომ მისი „გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას“.
სოსო ფხაკაძემ რუსული კანონთან დაკავშირებით განცხადება ერთი თვის წინაც გაავრცელა. მაშინ ის ამბობდა, რომ „ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“. ფხაკაძე იმასაც აღნიშნავდა, რომ ხელისუფლების „გონივრული მიდგომებით“ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდაა. „მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებზე დაასხამს წყალს“, - წერდა ბიზნესმენი.
დღეს, 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლია და კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებული რედაქციით დაამტკიცა. ხვალ, 28 მაისს, საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრება. „ქართული ოცნება“ არ აპირებს კანონის უკან გაწვევის შესახებ არც ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაციის და არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებას.
რუსული კანონის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა აამოქმედა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს „სავიზო შეზღუდვები დაუწესოს ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით“.