პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს, განაცხადა, რომ არჩევნების წინა დღეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კომპანია „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებული მარკერებით ჩაანაცვლა, რამაც ხმის ფარულობის დარღვევა გამოიწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ოპოზიციური პარტია სასამართლოში ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ითხოვს.
„ვითხოვთ 26 ოქტომბრის საარჩევნო შედეგების სრულად ბათილობას, რადგან ადგილი ჰქონდა სამი კონსტიტუციური პრინციპის: ფარულობის, თავისუფალი ნების და საყოველთაობის ყველა უბანზე ტოტალურად დარღვევას. ამასთან ერთად, ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, მათ შორის იმას, რომ
ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით, „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელიც ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუიციური პრინციპები“, - თქვა ბოკუჩავამ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“კიდევ ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, მარკერებზე წარწერა „სმარტმატიკი“ უნდა ყოფილიყო, „მაგრამ აღმოჩნდა, რომ არჩევნებზე სხვა სტანდარტის მარკერი იყო, რომელიც ბიულეტენის მეორე მხარეს ლაქას ტოვებდა“.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივერი აბაშიძე ოპოზიციური კოალიციების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელებს ერთად განიხილავს. მოპასუხე მხარე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. საიას იურისტმა მათი სარჩელების ცალკე საქმედ გამოყოფის შუამდგომლობა დააყენა იმ არგუმენტით, რომ სხვა მოსარჩელეებისგან განსხვავებით, მათი მოთხოვნა ხმის ფარულობის დარღვევის გამო მხოლოდ ელექტრონული უბნების შედეგების ბათილობას ეხება.
განახლება:
ცენტრალური საარჩევნო კომისია ირწმუნება, რომ სპეციალური მარკერები „სმარტმატიკისგან“ მიიღეს, რასაც, ცესკოსვე განცხადებით, ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. „კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - განაცხადეს ცესკოში.