საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო პარლამენტის დღევანდელ სხდომას გამოეხმაურა და არჩევნების დროს გამოვლენილ გამოუძიებელ დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
25 ნოემბერს გამართულ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და ელჩები არ ესწრებოდნენ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ისინი თავად არ მიიწვიეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს დღე მოქალაქეების და „მათი არჩეული პარლამენტის“ არის.
„ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება სამწუხარო ინსტრუმენტალიზება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში. რომ არ იყოს არასათანადო ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს“, - განმარტა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, დიპლომატების არ მიწვევით, „ბევრი საკითხი“ გადაჭრეს, „მათ შორის, მათ შიგნით უხერხულობებიც კი“.
„ბერკეტი გამოეცალათ ვიღაც-ვიღაცებს, მინიმუმ სამ-ოთხს - ქვეყნებს შეგნებულად არ ვასახელებ, რომ ურთიერთობები არ დავძაბოთ მეტად... არ არის მთლად დალაგებული ურთიერთობები... არ მივეცით ბერკეტი, რომ ამით მერე ვიღაცებს - ბოდიში თქვენთან და საზოგადოებასთან, მათთან არა - მათ ლეკვებს ამით სპეკულირება ბარიკადებს იქით არ მოეხდინათ“, - აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
„ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ სხდომაზე 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. 88 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, ხოლო მის მოადგილეებად - გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
სხდომამ, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.
კონსტიტუციის მიხედვით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა. მან საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შესაბამისად, 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პარლამენტს უფლება არა ჰქონდა, ეცნო იმ პირთა უფლებამოსილება, რომელთა არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ეს და პარლამენტის სხვა გადაწყვეტილებები უკანონოდ მიიჩნევა.