კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა (CENN) განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მიიღეს „მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისთვის საჭირო გადაწყვეტილება“ და ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრირდებიან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან და ემიჯნებიან, თუმცა „პრიორიტეტი სამოქალაქო სექტორის შენარჩუნებაა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„აღნიშნული კანონი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრინციპებს, აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას და იწვევს სამოქალაქო და მედიასექტორების სტიგმატიზაციას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე. […]
CENN, თავისი ხედვებით, ღირებულებებითა და საქმიანობით, სრულიად ემიჯნება ზემოთ აღნიშნულ კანონსა და მის მოთხოვნებს. თუმცა, ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდიდან გამომდინარე, პრიორიტეტი სამოქალაქო სექტორის შენარჩუნებაა, რაც, თავის მხრივ, გვაკისრებს პასუხისმგებლობას, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ორგანიზაციას და ზოგადად სექტორს დაეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში და საზოგადოებისათვის იმ სიკეთეების მოტანაში, რასაც უკვე 25 წელზე მეტია, კანონის სრული დაცვითა და ქართული საზოგადოებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ.
სწორედ ამიტომ, CENN-მა მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისათვის საჭირო გადაწყვეტილება, შეასრულოს კანონით დაკისრებული რეგისტრაციის მოთხოვნა და გააგრძელოს ადვოკატირება და ბრძოლა უფრო დემოკრატიული და თავისუფალი მომავლის შექმნისათვის საქართველოში“, - ნათქვამია ორგანიზციის განცხადებაში.
განცხადების დასასრულს CENN-ი აღნიშნავს, რომ სჯერათ ქართული საზოგადოების და სწამთ, რომ გაერთიანებული ძალებით ქვეყანა მალე დაბრუნდება პროევროპულ ორბიტაზე და გააგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. „ამ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია - ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქვეყნის დემოკრატიზაციას“, - აცხადებს CENN-ი.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ რეესტრში იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა, რომლებსაც შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვთ მიღებული, 2 სექტემბერს ამოიწურა. 3 სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა.
იუსტიციის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელად“ ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 1.5%-ია.
5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაცია დაიწყო საქართველოში სამშვიდობო თემაზე მომუშავე ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, როგორც ისინი აცხადებენ, იძულებული იქნებიან რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე მიიყვანონ.
საზოგადოების უკმაყოფილების შემდეგ ნებაყოფლობით რეგისტრაცია გადაიფიქრა მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში. არაერთმა ორგანიზაციამ საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მოსარჩელეები, რომელთა შორის პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები არიან, ამტკიცებენ, რომ კანონი კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს. მოსარჩელეები ითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედება შეაჩეროს. უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი, ცნობს თუ არა სასამართლო სარჩელებს დასაშვებად (მთლიანად თუ ნაწილობრივ) და მიიღებს თუ არა კანონის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას.