„თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. ელჩი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩეხეთიდან შემოტანილი პროდუქციის ნაწილი გადის რუსეთში, რომლის მიმართაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება. ასეთი განცხადებები თავის დროზე მოსმენილი გვაქვს უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და აბსოლუტურად ყველამ უარყო ასეთი რამ. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება იმიტომ, რომ ჩვენ თავის დროზე რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებაზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება. ამ შემთხვევაშიც, თუ ეს განცხადება გაკეთდა, გვექნება ასეთი რეაქცია - დიპლომატიური რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, 30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს, საქართველოში ჩეხეთის ელჩმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ჩეხური პროდუქციის ექსპორტი გაორმაგებულია: „დარწმუნებულნი ვართ, ამ ზრდის ნაწილი მაინც რუსეთისკენ მიდის, მაგრამ ჯერ მაინც ვერ შევძელით გარკვევა, ეს პროდუქტები ჩრდილოეთისკენ მართლა წავიდა თუ არა. ეს შეუძლებელია. ეს რომ იყოს წარმოების საშუალებები, ეკონომიკა არ ვითარდება ისე, რომ ჩეხეთის ექსპორტის ასეთი ზრდა აითვისოს. სამომხმარებლო საქონლის შემთხვევაშიც იგივეა - მომხმარებელთა სიყვარული ჩეხური პროდუქტების მიმართ არ იზრდება. ასე რომ, სადღაც უნდა მიდიოდეს და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ სად, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ გზა, თუ როგორ შეიძლება ეს სტატისტიკაში აისახოს“, - განაცხადა პეტრ მიკისკამ.
უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრისა და ომის დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდებოდა, რადგან ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზეც.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 9000-ზე მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა.
TI აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული.