საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ჩეხური პროდუქციის ექსპორტი გაორმაგებულია. ის დარწმუნებულია, რომ ექსპორტირებული პროდუქტის ნაწილი მაინც ჩრდილოეთით - რუსეთში მიდის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ იკითხა, საქართველოსთვის რა სახის შედეგების მომტანი შეიძლება იყოს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომელიც უგულავამ „პარტნიორებისადმი ღალატად შეაფასა“.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ თქვა, რომ ეს მარტივი შეკითხვა არ არის.
„აქ, საქართველოში, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლებელია პასუხის გაცემა, იქნება თუ არა რაიმე შედეგები. ცხადია, არა მხოლოდ თავმჯდომარე ქვეყნის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საელჩო აკეთებს ანგარიშს არსებული სიტუაციის და სანქციების ან რუსეთის მიმართ მთავრობის დამოკიდებულების ან პოზიციის შესახებ. ზოგჯერ ჩვენთვისაც კი არ არის ადვილი ამოცნობა, შესაძლოა ჩვენ რაღაცნაირად ჩართული ვართ თუ არა.
მაგალითად, ამ წლის დასაწყისიდან ჩეხური პროდუქციის ექსპორტი საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, 80%-ით გაიზარდა, თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, ჩვენი ექსპორტი საქართველოს მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის უარყოფით გავლენას მაინც განიცდიდა, უკვე რეკორდული იყო. ასე რომ, დარწმუნებულნი ვართ, ამ ზრდის ნაწილი მაინც რუსეთისკენ მიდის, მაგრამ ჯერ მაინც ვერ შევძელით გარკვევა, ეს პროდუქტები ჩრდილოეთისკენ მართლა წავიდა თუ არა.
ეს შეუძლებელია. ეს რომ იყოს წარმოების საშუალებები, ეკონომიკა არ ვითარდება ისე, რომ ჩეხეთის ექსპორტის ასეთი ზრდა აითვისოს. სამომხმარებლო საქონლის შემთხვევაშიც იგივეა - მომხმარებელთა სიყვარული ჩეხური პროდუქტების მიმართ არ იზრდება. ასე რომ, სადღაც უნდა მიდიოდეს და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ სად, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ გზა, თუ როგორ შეიძლება ეს სტატისტიკაში აისახოს“, - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.
პეტრ მიკისკას თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც ევროკავშირში შეაფასებენ, მზად არის თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. როგორც ელჩი ამბობს, შეფასება არ მოხდება მხოლოდ 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიხედვით.
„თქვენ დიდი ხნის წინ ჩვენს კრიტერიუმებს შორის უკვე შეიტანეთ შესაბამისობა საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან, მაგალითად. თუ ახლოს დააკვირდებით, უფრო ნაკლები მაჩვენებელია, ვიდრე უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში და ზოგჯერ ძნელია იმის გაგება, თუ რატომ არ უერთდება საქართველო ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთი დიქტატორული რეჟიმის შესახებ. დიახ, ყოველთვის არის პასუხი, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველომ, შესაძლოა, უარი თქვას, პრაქტიკულად ნებისმიერი საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე, თუ ყოველთვის იქნება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შიში.
სანქციებთან და შეუერთებლობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვესმის, რომ ძნელია ხელისუფლებისთვის და პირადად მე, მჯერა ხელისუფლების, რომ მას არ სურს ქვეყნის და მოსახლეობის შესაძლო თავდასხმის წინაშე დაყენება. მე მჯერა, მაგრამ ეს შეიძლება გაკეთდეს არა მხოლოდ მთავრობის მიერ, არამედ მოსახლეობის მხრიდანაც.
სუპერმარკეტების დახლებზე უამრავი რუსული პროდუქტია. ეს უნდა იყოს ხალხის არჩევანი - მე მძულს ეს აგრესია, არ მინდა მხარი დავუჭირო რუსულ ჯარს. ირიბად ეს ნიშნავს მხარდაჭერას. თუ თქვენ მხარს უჭერთ რუსეთის ეკონომიკას და კომპანიებს, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ, ისინი იხდიან გადასახადებს რუსეთში, რითიც აფინანსებენ ჯარს. ალბათ, ამაზეც უნდა იქნეს ყურადღება გამახვილებული შიდა დისკუსიის დროს - არა მხოლოდ მთავრობაზე თავდასხმა, რომ თქვენ უნდა შეუერთდეთ სანქციებს. ხალხმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას იმით, რომ არ შეიძინონ რუსული პროდუქცია. ვიცი, რომ არის მცდელობები, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ პროდუქციის რაოდენობის და მრავალფეროვნების შემცირებას, პირიქით, სულ უფრო და უფრო იზრდება“, - თქვა ელჩმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ჩეხეთიდან შემოტანილი საქონლის ღირებულებამ 125 მილიონ 849 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაშინ როდესაც 2021 წლის თორმეტი თვის მაჩვენებელი 99 მილიონ 805 ათასი დოლარი იყო.