„ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რათა გავაპატიოსნოთ ეს კანონი. არა, არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვეტოს ფარგლებში სამართლებრივი შენიშვნების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა... სრულიად წარმოუდგენელია ნებისმიერ სახელმწიფოში, დავანებოთ თავი ცივილიზებულს, სახელმწიფოში - პრემიერმა პრეზიდენტს ეძახა მოღალატე საკუთარი ჯარის, ამ ქვეყნის ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, მოდით, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, დაგიწერენ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ, ან უცხოელები ან აქაური „ენჯეოები“ და წარმოგვიდგინეთ და შეიძლება, დავფიქრდეთ. იფიქრეთ თქვენ და იყავით.
მე ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი აქვს, ხალხში გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდათ, რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა დღეს, 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა, კანონის ამოქმედების ვადა არჩევნების შემდეგ, პირველი ნოემბრისთვის გადაიტანონ. „ვინც ხელისუფლებაში მოვა, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, არის სხვა კანონების გადამღერებაა, თუ რაცაა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
„ქართული ოცნება“ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით მიღებას ხვალ და ზეგ აპირებს. ორშაბათს მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და დაუჭერენ მხარს, სამშაბათს კი კანონის პლენარულ სესიაზე გატანაა დაგეგმილი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 14-დან 28 მაისამდე პერიოდში, ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.
„მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს. ან „ენჯეოები“ უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას არის თუ არა „ქართული ოცნება“ მზად, კანონპროექტში ცვლილებები შეიტანოს, პრემიერმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. ისე რა აზრი აქვს დისკუსიას. მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ამის გაზიარებაზეა საუბარი“.
ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას შვიდი პოლიტიკური პარტიაც გამოეხმაურა. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ისინი რუსული კანონის „შელამაზებული ვერსიის“ მიღებას არ აპირებენ. „ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული“, - აცხადებს ოპოზიცია.