დაღესტნის სამუფთომ დროებით აკრძალა ნიქაბი - მუსლიმი ქალების თავსაბურავი, რომელიც თვალების გარდა მთელ სახეს ფარავს და რომელსაც, როგორც წესი, გრძელ კაბასთან ერთად ატარებენ. სამუფთოს განცხადებით, შეზღუდვა გაგრძელდება „გამოვლენილი საფრთხეების აღმოფხვრამდე და ახალი საღვთისმეტყველო დასკვნის მიღებამდე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
ამ გადაწყვეტილების საფუძველი ეროვნული პოლიტიკისა და რელიგიის საკითხთა სამინისტროს მიმართვა გახდა, რომელშიც, როგორც სამუფთო აცხადებს, საუბარია დაღესტნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეების შესახებ.
აკრძალვის გამოცხადებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამუფთოს ფატვების (რელიგიური გადაწყვეტილებების) განყოფილებამ ვერ იპოვა საკმარისი მტკიცებულებები ნიქაბის ტარების საყოველთაო აკრძალვისთვს, მაგრამ დაუშვა ლოკალური აკრძალვის დაწესების შესაძლებლობა „გარე ფაქტორების“ გამო
BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, რუსეთში ამ თემაზე დისკუსია დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გააქტიურდა. 23 ივნისს, რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი მაჰაჩყალასა და დერბენტში ეკლესიებსა და სინაგოგებს დაესხა თავს. ტერაქტის შედეგად 22 პირი დაიღუპა, რომელთაგან 17 სამართალდამცველი იყო. ანონიმურ Telegram-არხებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ერთ-ერთ მოკლულ ტერორისტს თან ნიქაბი ჰქონდა და მის ჩაცმას თავდასხმის შემდეგ, გაქცევის დროს აპირებდა.
ნიქაბის ტარების წინააღმდეგ დაღესტნის ხელმძღვანელიც გამოვიდა. სერგეი მელიკოვის თქმით, ეს სამოსი საშიშია, რადგან მამაკაცებს მის უკან ამოფარება შეუძლიათ, ხოლო ქალებს აკრძალული ნივთების გადატანა.
ნიქაბების ტარების აკრძალვას ემხრობა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბასტრიკინი. „გეთანხმებით, საჭიროა სასწრაფოდ ავკრძალოთ ეს ყველაფერი“, - უთხრა ბასტრიკინმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ სამართლებრივ ფორუმზე ერთ-ერთ გამომსვლელს, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებამ აკრძალა ნიქაბი, ამიტომ მიგრანტები რუსეთში გადადიან და მას იქ ატარებენ. გარდა ამისა, ალექსანდრ ბასტრიკინმა თქვა, რომ დაღესტანში თავდასხმები „ისლამისტებმა, ტერორისტებმა“ ჩაიდინეს.
„მათ ჩვენს ტერიტორიაზე ისლამური ტერორის დროშის შემოტანაც კი შეძლეს. ამიტომ სახელმწიფო დუმამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეაგირება ამ მოვლენაზე“, - განაცხადა ბასტრიკინმა. მას ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გამოეხმაურა და მოუწოდა, „უკიდურესად ფრთხილად“ იყოს „ისლამისტის“ და „ტერორისტის“ მნიშვნელობების გაიგივებისას. კადიროვის თქმით, „მუსლიმებს ტერორისტულ აქტები არ ჩაუდენიათ და არ სჩადიან“.
ნიქაბის ტარება კანონით აკრძალულია ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ბელგიასა და დანიაში.
