საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ნოემბერს, პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ის ოპოზიციის წევრების კითხვებს პასუხობდა, თქვა, რომ არ აპირებს შეასრულოს ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„რამდენიმე დეპუტატის გამოსვლიდან შემდეგი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, რომ რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის, ჩვენსა და რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის. რაც მათთვის არის უცხო ის ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, იმას გავაკეთებთ, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში.
„ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მიუღებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ისევე როგორც მიუღებელია და მე არასოდეს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება იმასთან დაკავშირებით, როცა მაგალითად ყოფილი თუ მოქმედი წევრები სხვადასხვა სახელმწიფოების, თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ყოფილ წევრებს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ აქ სად არის ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს? პირიქით, ესენი ემსახურებიან მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფების ინტერესებს.
ომის პარტია შემთხვევით არ ვუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას, მათი მთავარი ამოცანა იყო და არის სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და მზად იყვნენ და არიან მოაწერონ ხელი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას, ჩვენ ეს კარგად ვიცით და გარკვეული მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ.
ასეთი მასშტაბის ომი ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი გამოწვევის პირობებში, ჩვენ არ ვართ არც ნატოს წევრი ქვეყანა, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 20% არის ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას აქ. გამოდიან ქუჩაში, ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ და რაზე - მთხოვდნენ, რომ მიგვეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები საბრძოლველად. ნებართვა უნდა გაეცა სახელმწიფოს, მთავრობას. ეს იყო პირდაპირ ომში ჩართვის მცდელობა. ეს რა თქმა უნდა, გათვლილი იყო იმაზე, რომ რუსეთის რეაქცია იქნებოდა შესაბამისი და ქვეყანაში, როგორც მათმა კოლეგებმა და პარტნიორებმა უკრაინაში დააანონსეს, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და მათი პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შემდეგ მათი ამოცანა იყო რევოლუციების მოწყობა:
„მე ამის თაობაზე ვრცელი მოხსენება გავაკეთე პარლამენტში და თქვენს წინაშე წარვსდექი ზაფხულში და გითხარით, რომ უკრაინის მხარდამჭერ 400-ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით. ყველა დონეზე, ყველა ფორმატში ჩვენ ვართ ან მხარდამჭერი, ან თანაორგანიზატორი და თანასპონსორი ამ რეზოლუციებისა და დოკუმენტების. როგორც შეგვეძლო, ყველა დონეზე მაქსიმუმი გავაკეთეთ და ჩვენმა ხალხმა გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც ხდება საშინელებაა, ტრაგედიაა. ამათ სტატუსზე კი არ უნდა იფიქრონ მხოლოდ, ამათ უნდა იფიქრონ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ამათ ჩვენთან ერთად იმაზე უნდა იფიქრონ, თუ როგორ ავაცილოთ ქვეყანას მორიგი საფრთხეები, როგორ შევამციროთ მინიმუმამდე ეს საფრთხეები. როგორ იქცეოდნენ სანაცვლოდ? მანამდე რა რყევები გადაიტანა ქვეყანამ, კარგად იცით, როგორ მოღალატეობრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. რომ რამენაირად დაეზიანებინათ ჩვენი ეკონომიკა, ეროვნული ინტერესები, ჩვენი ხალხის ბედი, შეეფერხებინათ ეკონომიკური განვითარება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოიყვანეს მათი ყოფილი ლიდერი, ერთადერთი განზრახვით და მიზნით, რომ აქ მომხდარიყო რევოლუცია. რა თქმა უნდა, ეს ჩაუვარდათ, ყველას ჩაუვარდება. ყველას გაეცემა უმკაცრესი პასუხი. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს მეგობრებო“.
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელსაც დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.