ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილობაში მყოფი მთავრობის ხელმძღვანელი ახმედ ზაკაევი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი თანმხლები პირები, რომლებიც საქართველოში თავისუფლად შემოვიდნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში ავტომობილების კოლონით გადაადგილდებოდნენ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ოპოზიციას წარმოადგენენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„რამდენადაც მე ვარ გათვითცნობიერებული სიტუაციაში, რაც იქ [ჩეჩნეთში] ხდება, ეს ადამიანი არ არის კადიროვის ოპოზიცია. ზოგადად, დღეს, ოფიციალურად არავითარი ოპოზიცია არ არსებობს, რადგან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან საოკუპაციო სტრუქტურებს, იქ დიდხანს ვერ ცოცხლობენ და ქრებიან, ხოლო ეს ადამიანები ფიცს დებენ კადიროვის ერთგულებაზე.
ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, ჩეჩნეთში დღეს არ არსებობს კადიროვის ოპოზიცია და ადამიანები, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს და საქართველოში დადიოდნენ, სწორედაც რამზან კადიროვის წარმომადგენლები არიან“, - განაცხადა ზაკაევმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
ახმედ ზაკაევი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთიდან მიიღო მითითება, აღნიშნული პირებისთვის საქართველოში შემოსვლის ნებართვა მიეცა:
„სამწუხაროდ, კადიროვი და მისი გარემოცვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის საოკუპაციო სტრუქტურებია. რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და თავისი ადმინისტრაცია დააყენა, ხოლო საქართველოში ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთის ძალიან სერიოზული გავლენის ქვეშ არიან.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების ამ ჯგუფმა, ოთხი მანქანით და შეიარაღებულებმა, საქართველო-რუსეთის საზღვარი გადმოკვეთეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისადმი რუსეთის თხოვნით ან მოთხოვნით, როგორც გნებავთ. თქვენ იცით, რომ ასე უბრალოდ საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია, თუ ამაზე ნებართვა არ იქნება გაცემული, ნებართვის გაცემა კი შესაძლებელია მხოლოდ ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე, ხოლო საქართველოს ხელმძღვანელობისთვის შესაძლოა რუსეთიდან უბრალოდ მიეთითებინათ ამაზე... ვფიქრობ, რომ ეს არის იმის მაჩვენებელია, რომ კადიროვსაც და იმათაც, ვინც ახლა [საქართველოს] ხელისუფლებაში იმყოფება და საზღვარზე გატარების ბრძანებებს აძლევენ, ერთი პატრონი ჰყავთ და ის კრემლში ზის“.
ცოტა ხნის წინ, საქართველოში გავლენიანი ჩეჩენი ბიზნესმენი, კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი ასლანბეკ ახმეტხანოვი, მისი შვილი, ბოქსში რუსეთის სამგზის ჩემპიონი როხმან ახმეტხანოვი და მათი გარემოცვის წევრები იმყოფებოდნენ. „მერსედესის“ მარკის, რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების ესკორტი თბილისსა და ბათუმში დააფიქსირეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სავარაუდოდ დაცვასთან ერთად მყოფი ასლანბეკ ახმეტხანოვი O 777 OC 77 სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილში ჯდება. მოქალაქე ხათუნა მაღლაკელიძე წერს, რომ ვიდეო 26 მაისს, თბილისში გადაიღო. ავტომობილი რომ ჩეჩენ ბიზნესმენს ეკუთვნის, მისი შვილის, როხმან ახმეტხანოვის მიერ სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოქვეყნებული ვიდეოებით დასტურდება.
ახმეტხანოვები და მათი გარემოცვის წევრები საქართველოში სავარაუდოდ ორი კვირის წინ შემოვიდნენ. სწორედ ამ დროს აქვს გამოქვეყნებული როხმან ახმეტხანოვს ვიდეო, სადაც ერთმანეთის მსგავსი სანომრე ნიშნების მქონე ძვირადღირებული ავტომობილების კოლონა ავტობანზეა გაჩერებული. 22 მაისს, ახმეტხანოვებთან დაკავშირებულმა Instagram გვერდმა, გუდაურის გზაზე გადაღებული ვიდეოც გაასაჯაროვა.
უცნობია, შვილის გარდა, ვინ ახლდა თან საქართველოში ახმეტხანოვს. სავარაუდოდ, მათ საქართველო უკვე დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ახმეტხანოვი და მის გარემოცვა რომ „კადიროველები“ არიან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ. პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონალურმა მდივანმა და პარლამენტის წევრმა, დიტო სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ“.