დღეს, 5 აგვისტოს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორი გარდაცვლილი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. მათ ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენებენ, სადაც ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. მათგან 11-ის ცხედარი სტიქიის ზონაში 3 და 4 აგვისტოს იპოვეს. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა დილით განაცხადა, რომ ამოცნობილი იყო 6-ის ვინაობა. „სამწუხაროდ, ისეთ გარემოში იქნა აღმოჩენილი ცხედრები, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც და შესაბამისად, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად“, - აღნიშნა ბარნაბიშვილმა.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი ცხედარი ალინა პოლიკოვსკასია, რომელიც შოვში მეუღლესთან, ზაზა მესხთან და სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. ოჯახის დანარჩენი წევრები კვლავ დაკარგულად მიიჩნევიან.
გარდაცვლილთა შორის ამოცნობილია ნინო კენჭაძეც. ის კორორტზე მეგობრებთან, სალომე ხეთაგურთან და გვანცა ბუბაშვილთან ერთად ისვენებდა. გოგონებს ამ დრომდე ეძებენ.
ამ დროისთვის უცნობია დაახლოებით 20 ადამიანის ადგილსამყოფელი. მათ შორის ბავშვებიც არიან.
შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს, ვერტმფრენებით უსაფრთხო ადგილას 210 ადამიანი გამოიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამდე ორი დღით ადრე, ბუბას მთაზე მეწყერი ჩამოვიდა, რის შედეგადაც მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა, 3 აგვისტოს კი, წყალმა გამოხეთქა და ღვარცოფი გამოიწვია.
