რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოჰყვა, მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო შემთხვევის ადგილიდან / „საქართველოს ამბები“

რაჭაში, შოვში, წინასწარი ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი და მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. როგორც „საქართველოს ამბებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მეწყერში მოყოლილებს შორის 6 ბავშვია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს ამბები“ შოვში მყოფ რამდენიმე ადამიანს ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო, რის გამოც მაშველები ადგილზე ჯერ არ მისულან. 

16:40 - „საქართველოს ამბები“ ტელეფონით ესაუბრა მეწყერში მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანს. მისი თქმით, სტიქიური პროცესები იმდენად სწრაფად განვითარდა, ადამიანებმა გაქცევა ვერ მოასწრეს. მაშველები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ არიან მისულები. არ გამოჩენილა არც ვერტმფრენი.

16:45 – „მთის ამბების“ ინფორმაციით, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი მიფრინავს სამაშველო ჯგუფებით. მაშველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში იქნებიან.

16:52 - შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა - საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. მომხდარის შესახებინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამის ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

17:03 - შემთხვევის ადგილიდან ფოტომასალა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მოგვაწოდა.

17:25 - დაზარალებულების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე არ მისულან. შოვში მეწყერის ჩამოწოლიდან, რომელმაც 16 ადამიანი მოიყოლა, უკვე 2 საათია გასული. 

17:32- კიდევ ერთი დაზარალებული გვატყობინებს: სასტუმრო „რაჭას“ და ე.წ. სტალინის სახლს შორის ვართ გაჭედილები. სასტუმრო „სანსეტ შოვის“ შენობაც დაძრულია. მეწყერი კილომეტრზე მეტ მანძილზეა განვითარებული. ჩვენი საცხოვრებელი კოტეჯი საერთოდ აღარ არსებობს. არცერთი მაშველი არ არის ამ დრომდე მოსული.

18:31 - შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სამაშველო ჯგუფებით უკვე რაჭაშია. შემთხვევის ადგილიდან დაზარალებულები კი გვატყობინებენ, რომ მათთან ჯერ არავინ გამოჩენილა. 

19:22 - შინაგან საქმეთა სამინისტყროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი კოვზიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია. სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული. 

19:50 - შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 40-მდე ადამიანია გამოყვანილი. ონის მერი ამბობს, რომ მათ სასტუმროებში დააბინავებენ. 

19:58 - „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ადგილობრივი მცხოვრები თვითმხილველის მონაყოლს იხსენებს და ამბობს, რომ ადიდებული მდინარის მიერ წაღებულ ერთ-ერთ მანქანაში მძღოლიც იჯდა. „ერთმა თვითმხილველმა თქვა, ექვსი მანქანა, მათ შორის ჩემი მანქანაც წაიღოო, ერთ-ერთი მანქანა თავისი მძღოლითო“. არცერთი სახელმწიფო უწყება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა შოვში მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე მანქანა ნამდვილად წაიღო.

20:00 - ღვარცოფმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, შოვს და სოფელ გლოლას ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ენერგო პრო ჯორჯიაში" "საქართველოს ამბებს" უთხრეს, რომ გლოლას ელექტროენერგის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღუდგება. 

20:03 თეა გოდოლაძე, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი: „ქვეყანა უნდა ვიყოთ მზად, უნდა მოხდეს კატასტროფის, სტიქიის რისკების შეფასება, რომელ რეგიონში რას უნდა მოველოდეთ. რიონი და მისი შენაკადები რომ ღვარცოფული მდინარეებია, ყველამ იცის, ვინც დარგის სპეციალისტია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაფრთხილება, წინასწარი ზომების მიღება. ღვარცოფიული მდინარეების, მათი შენაკადების ჭალაში სამშენებლო ან ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოვერიდოთ. მდინარის ჭალა არის ის ტერიტორია, რომელსაც მდინარე ნიშნავს და დღეს თუ არა ხვალ, შეიძლება ის წყლით დაიფაროს. მითუმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ რაჭაზე - გეოლოგიურად და მორფოლოგიურად ერთ-ერთ ურთულეს რეგიონზე. ყოველთვის, ასეთ რეგიონებში, რომლებიც მიდრეკილია ბუნებრივი კატასტროფებისაკენ, ეს პირველი მეწყერი არ არის და არც უკანასკნელი იქნება, აუცილებელია მონიტორინგის სისტემები და ლოკალური სამაშველო ჯგუფები. ვერტმფრენები უნდა არსებობდეს“.

20:11 - სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა. სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება. სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი იმყოფებიან.

20:59 სტიქიას შოვში მსხვერპლი მოჰყვა

22:40 - სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ბავშვების მამა - „მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. ვერ ვუკავშირდები. შოვის ტერიტორიაზე, კოტეჯებში იმყოფებოდნენ, რომელიც, როგორც მეუბნებიან, წალეკილი აქვს მეწყერს. არ ვიცი, რა ხდება. არც გვეუბნებიან. მივედი სამაშველოსთან, ხალხო, გამარკვიეთ მეთქი. იქ არიანო. ნახეს, არ ნახეს, გახიზნული არიან ტყეში, არ არიან - არაფერს გვეუბნებიან, ხალხო. რამე ქენით. ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - 2 წლის, 3 წლის და 7-ის. ნუთუ არ გეცოდებათ ეს ბავშვები?! ძალიან გთხოვთ. ვერ ავწევთ ვერტმფრენებს, რადგან შუქი არ გვაქვს, რომ მივანათოთო“.

23:50 - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე ამბობს, რომ კავშირია გაწვეტილი სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ სიახლოვეს ჩარჩენილ კიდევ 10 ადამიანთან:

„ჩემი მეგობარია გელა გუტაშვილი, რომელიც გლოლაში ცხოვრობს, აქვს თავისი ბიზნესი, აქვს კოტეჯები. გელას ჰყავს ორი შვილი - გოგო და ბიჭი, ერთმა სკოლა დაამთავრა და მეორე უკვე სტუდენტია. 15:30 საათზე დაიწყო ამ ღვარცოფებმა სამ ადგილზე ჩამოსვლა. ამ დროის შემდეგ, ის თავის შვილებს ვერ პოულობს. ასევე ვერ პოულობს ცოლის დას, რომელიც ორ შვილთან ერთად არის და 5 ტურისტს, რომლებიც მის კოტეჯებში იყვნენ განთავსებული. ანუ 10 ადამიანს ვერ პოულობს. არის უმძიმეს მდგომარეობაში. საუბედუროდ, კოტეჯები წაღებულია. ხელისუფლებას 3 საათი და 30 წუთი დასჭირდა ვერტმფრენის ჩასაყვანად მაშინ, როდესაც წამების მომენტი შეიძლება ყოფილიყო იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა გარდაცვლილი იპოვეს. ახლა ღამეა და სამაშველო სამუშაოები შეწყვიტეს, ვეღარ აგრძელებენ. რაჭა ხომ მაღალმთიანია, სტიქიურად აქტიურია, ხშირია მიწისძვრები, წყალდიდობები, ბევრი მეწყრული კერა ჩნდება. როცა ორ-სამი დღით ადრე წვიმები იყო, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება,  ან ევაკუაცია, ან მომზადება შესაბამისად?!“

4 აგვისტო, 00:20 - სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი შეიქმნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დარეკონ ნომერზე - 598 913 089.  ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

00:34 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 50 დამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. „150-მდე ადამიანია უსაფრთხო ადგილზე და არ გამოვრიცხავთ, რომ ადამიანები, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება ოჯახის წევრების მიერ, მათ რიცხვში იყვნენ. მთელი ღამის განმავლობაში ინფორმაციას გადავამოწმებთ. მოვუწოდებთ, თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობლებს, დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე და 112-ში განახორციელოს ზარი“, - განაცხადა მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

01:45 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამზომველები, რომლებიც რაჭაში, სტიქიის ზონაში მუშაობდნენ, უსაფრთხოდ არიან. სააგენტოს განცხადებით, ადგილზე 35 ამზომველი მუშაობდა, მათი დროებითი საცხოვრებელი შოვში, უშუალოდ სტიქიის ზონაში  მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია. „შემთხვევის დროს თითოეული მათგანი მეწყრული ზონიდან მოშორებით, ველზე ახორციელებდა საამზომველო სამუშაოებს. საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს“, - აცხადებენ სააგენტოში და აღნიშნავენ, რომ სტიქიის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინეს ამზომველების თბილისში ტრანსპორტირება.

08:00 - სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით მოქალაქეების გამოყვანა განახლდა. 

08:11 - გამოცემა „მთის ამბები“ სტიქიის ზონის ეპიცენტრიდან ფოტომასალას ავრცელებს.  

10:00 – „მთის ამბები“ რეპორტიორი სტიქიის ზონიდან იტყობინება, რომ ნაპოვნია კიდევ სულ მცირე ორი ადამიანის ცხედარი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

10:03 - შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ვერტმფრენებით სტიქიის ზონიდან კიდევ 140 ადამიანი გამოიყვანეს. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პარმენ მარგველიძის ინფორმაციით, გუშინ და დღეს, სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია ევაკუირებული.

11:00 - შოვში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 30-ზე მეტი ადამიანი.

11:36 - სოფელ გლოლის მოსახლეობა სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა და სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვს. პოლიცია ადგილობრივებს ხეობაში შესვლის უფლებას არ აძლევს, თუმცა ახალგაზრდები დაკარგულების ძებნას მაინც იწყებენ. „მთის ამბები“ იუწყება, რომ ნაპოვნია რამდენიმე მანქანა და ცხედარი.

ფოტო: mtisambebi.ge

12:25 - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ კურორტ შოვში სტიქია ერთი და იგივე დროს, ერთსა და იმავე ადგილზე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ გამოიწვია. გაფრინდაშვილის თქმით, „მსგავსი მასშტაბის სტიქია ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის“.

13:10 - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში ჩავიდა. მან სტიქიის ზონა ვერტმფრენით შემოიფრინა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში საგანგებო შტაბში თათბირი გამართა. 

14:10 - ირაკლი ღარიბაშვილი: „ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ტრაგედიები, სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, მგონი, ძალიან არასერიოზულია“.

21:00 - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ცხედრები სტიქიის ზონიდან პროზექტურაშია გადასვენებული. 25 ადამიანს კვლავ ეძებენ. დაკარგულებს შორის ბავშვებიც არიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.