საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შესანარჩუნებლად უცხოური ვალუტის გაყიდვას აგრძელებს. ბანკმა დღეს, 23 ოქტომბერს, კიდევ 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. შედეგად, ლარი დოლართან 1.05, ხოლო ევროსთან 2.41 თეთრით გამყარდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7157 ლარი გახდა, ევრო კი 2.9273 ლარი ღირს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით“ მიიღეს.
„ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მხოლოდ ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა სამი ინტერვენცია განახორციელა და რეზერვებიდან 173 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძე თქმით, შესაძლოა, ეროვნულ ბანკს ერთი ამდენი თანხა Bmatch პლატფორმის მეშვეობით ჰქონდეს გაყიდული. ეს ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
„ძირითადი ეფექტი არის ის, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ ისედაც გაუფასურებული კურსი როგორმე შეინარჩუნოს. ... გარკვეული რისკი ბაზარმა დაინახა და შესაბამისად, ის ცდილობს, რომ აკუმულირება მოახდინოს სავალუტო რესურსის და ამგვარად დააზღვიოს ის რისკი, რაც შეიძლება მომავალში ჰქონდეს. მოლოდინი არის ის, რომ თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, არ არის გამორიცხული, რომ ამას მოჰყვეს სანქციები, ვალუტის გაუფასურება. სხვა მენეჯმენტის პირობებში, მე დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკი ასე ღიად არ ჩაერეოდა წინასაარჩევნოდ სავალუტო ბაზარზე, თუმცა დღევანდელი მენეჯმენტი არ გამოირჩევა დამოუკიდებლობით და ძირითადად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვება“, - ასე აფასებს კეპულაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.
ცოტა ხნის წინ Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ თურნავას მმართველობის დაწყებიდან მალევე, ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირება დაიწყო, „ქართულ ოცნებასთან“ მისმა სიახლოვემ კი ინსტიტუციის მიმართ ნდობა შეარყია.
