ევროკავშირმა მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო ხუთ პირს, მათ შორის პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერსა და ოლიგარქს, ილან შორს, იმავე პარტიიდან პარლამენტის წევრს, მარინა ტაუბერს, ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს და რუს ბიზნესმენს, იგორ ჩაიკას სანქციები დაუწესა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ილან შორის ქმედებები, რომლებიც მიმართულია მოლდოვაში დემოკრატიის დამხობისკენ, მოიცავს პრო-კრემლინური პილიტიკური საქმიანობის უკანონო დაფინანსებას. ასეთი დაფინანსების გამოყენების მაგალითად დასახელებულია ძალადობრივი საპროტესტო აქციებისა და მიტინგების ორგანიზება 2022 და 2023 წლებში, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში.
ვლადიმირ პლახოტნიუკი „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ხელმძღვანელი, მოლდოვის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენია. მის წინააღმდეგ მოლდოვაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სახელმწიფო სახსრების მიტაცებასთან დაკავშირებით. პლახოტნიუკი, ისევე როგორც, ილან შორი, სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერაც.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ რუსი ბიზნესმენი იგორ ჩაიკა ფულს ხარჯავს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ისეთი პროექტების მხარდასაჭერად, რომელთა მიზანი მოლდოვაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა.
„მან შეასრულა რუსული „საფულის“ როლი, ფულს უგზავნიდა მოლდოვის რესპუბლიკაში FSB-ს, რათა ქვეყანა კრემლის კონტროლის ქვეშ მოექცია. იგორ ჩაიკა პასუხისმგებელია ისეთი ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რესპუბლიკაში“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოლდოვაში დესტაბილიზაციის გამო სანქციების შემოღებას მხარი 26 მაისს დაუჭირეს. შემზღუდველი ზომები მოიცავს ევროკავშირში აქტივების გაყინვას, ევროკავშირის მოქალაქეებისა და კომპანიების მიერ სანქცირებული პირების დაფინანსების და ევროკავშირის ტერიტორიაზე მათი შესვლის აკრძალვას.
„მოლდოვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის შედეგად. არის ქვეყნის დესტაბილიზაციის სერიოზული, გაზრდილი და მუდმივი მცდელობები“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, მიღებული სანქციები მოლდოვას უგზავნის მნიშვნელოვან სიგნალს ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ.
„ევროკავშირის პოზიცია რჩება მტკიცე: ჩვენ გავაგრძელებთ დარტყმებს მათზე, ვინც ჩვენს უშუალო სამეზობლოში დესტაბილიზაციას ახდენს“, - აღნიშნა ბორელმა.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა „ე.წ ოპოზიციის პროტესტით შენიღბული ძალადობრივი ქმედებებით“ კიშინიოვში ხელისუფლება შეეცვალა. მოსკოვში ეს ბრალდება უარყვეს.
2022 წლის ივნისში, მოლდოვამ, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.