ეუთოს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისმა“(ODIHIR) საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების გაუქმება უარყოფითად შეაფასა. სამართლებრივ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ეს უკუსვლაა საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის კუთხით, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთოს ვალდებულებებს, რაც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას. მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსი საქართველოს პარლამენტში ნელა, თუმცა თანდათანობით უმჯობესდებოდა სავალდებულო გენდერული კვოტებისა და ფინანსური წახალისების შემოღების გამო, ის კვლავ დაბალი რჩება ეუთოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით და არ აღწევს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს.
პირიქით, საარჩევნო გენდერული კვოტების გაუქმება არ შეესაბამება კონსტიტუციურ ვალდებულებას, მიღებულ იქნას სპეციალური ზომები მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“, - ვკითხულობთ დასკვნაში.
ეუთო/ოდირმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გენდერული კვოტების გაუქმების ინიციატორებს განმარტებით ბარათში არ აქვთ სიღრმისეულად გაანალიზებული ამ მექანიზმის ფუნქციონირება და არ აქვთ დასაბუთებული, რატომ იყო აუცილებელი მისი გაუქმება.
„2020 წლის არჩევნების შემდეგ, ამჟამად ქალები საქართველოს დეპუტატების მხოლოდ 19.3%-ს წარმოადგენენ, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს (27.0%-ს) და ქვეყანა 122-ე ადგილს იკავებს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მონიტორინგის ქვეშ მყოფი 190 პარლამენტს შორის. ეს მაჩვენებელი ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ეუთოს რეგიონში, სადაც მხოლოდ რუმინეთში (19.2%), ბოსნია და ჰერცეგოვინაში (19.1%), აზერბაიჯანსი და მონღოლეთში (18.1%), რუსეთის ფედერაციაში (16.4%), უნგრეთსა (14.6%) და კვიპროსშია (14.3%) დეპუტატ ქალთა ნაკლები წილი“.
გარდა ამისა, დასკვნაში საუბარია პროცედურული ხარვეზებზე, რაც გენდერული კვოტების დაჩარებულად, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობისა და კონსულტაციის გარეშე გაუქმებაში მდგომარეობს.
„ცვლილებები ძალაში შევიდა 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან სიახლოვეს, რაც ეჭვქვეშ აყენებს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს“, - აღნიშნულია დასკვნაში.
ეუთო/ოდირის რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მიიღოს სასწრაფო ზომები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ეფექტური დროებითი სპეციალური ზომების დასანერგად. ეუთო/ოდირმა დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მოამზადა.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლეთა ინიციატორიც გირჩი იყო და ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა დაჩქარებულად, ოთხ დღეში განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილმა გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. 15 მაისს, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 87 ხმით დაძლია.
ქალთა კვოტირების გაუქმებას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 14-მა ქალმა დეპუტატმაც, მათ შორის ნინო წილოსანმა, რომელიც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა.
2020 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში თავად განხორციელა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარტიები ვალდებულნი იყვნენ, პარტიული სია შეედგინათ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც ყოფილიყო ქალი. 2023 წლის თებერვალში, კვლავ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, გენდერული კვოტირების წესის მოქმედება 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივდა. გენდერული კვოტირება ეხებოდა მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც. კერძოდ, პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა ყოფილიყო ქალი.