ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს გამოიძიოს პოლიციელთა ძალადობა, მათი „სასტიკი ქმედებები“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © ზურაბ ცერცვაძე

ევროკავშირ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება, გამოხატონ პროტესტი და პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევები სათანადოდ გამოიძიოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მისი თქმით, ევროკავშირმა ნახა „სასტიკი ქმედებები“ და ის მტკიცედ გმობს დაშინებას, მუქარასა და ფიზიკურ თავდასხმებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მართლაც შთამბეჭდავი ერთგულება და სურვილი მათი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. ჩვენ ნამდვილად ველით, რომ საქართველოს მთავრობა ასახავს ამ სურვილსა და მათი ხალხის მიჯაჭვულობას დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ.

რაც ვნახეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების, განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან რეაგირების თვალსაზრისით, იყო ძალადობა და ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დაშინებას, მუქარას და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ეს არის სასტიკი ქმედებები, რაც ვნახეთ წუხელაც. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს პროტესტის უფლება, სათანადოდ გამოიძიოს ყველა გადაცდომა და დარღვევა, თუ ისინი ჩადენილია და მოველით, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“, - განაცხადა პიტერ სტანომ 

და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას და ხმამაღლა, მკაფიოდ აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას, განსაკუთრებით ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, სტანომ თქვა, რომ ეს უნდა იყოს წევრი ქვეყნების საერთო გადაწყვეტილება.

„სანქციები არ არის ის საკითხი, რაზეც გადაწყვეტილებას უმაღლესი წარმომადგენელი იღებს. ეს გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ მაშინ, როდესაც მიდიან კონსენსუსამდე, რომ სხვა არაფერი მოიტანს სასურველ შედეგს. ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე. საქართველო, ყველაფრის მიუხედავად, კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ ვიმედოვნებთ, მოველით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ ევროპულ გზას და შეასრულონ ვალდებულებები, რომელიც მათ აიღეს ნებაყოფლობით, როდესაც გააკეთეს განაცხადი მათი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - აღნიშნა სტანომ.

დღეს, 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. სხდომაზე, რომელიც ერთი წუთი გაგრძელდა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დროულად შესვლა ვერ შეძლეს, რადგან პარლამენტის შენობის შესასვლებები პოლიციას და სპეცრაზმს ჰქონდა დაკავებული.

კომიტეტის სხდომის წინა ღამე მოქალაქეებმა პარლამენტთან გაათენეს. გამთენიისას ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია დაარბია და პარლამენტის შესასვლელები გაათავისუფლა, რათა „ქართული ოცნების“ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შესულიყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. მათ ნაწილს სპეცრაზმის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან. „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღებას მესამე, საბოლოო მოსმენით, 14 მაისს აპირებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).