თურქულ ავიაკომპანია Southwind Airlines-ს რუსეთთან კავშირის გამო ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა. პროპაგანდისტული რუსული მედია წერს, რომ დასანქცირების შემდეგ ავიაკომპანიას სტანდარტული მარშრუტის შეცვლა მოუწია და შაბათს მინსკი-სტამბოლის რეისი რუსეთის, ყაზახეთისა და საქართველოს გავლით შეასრულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
Aero Telegraph-ის ინფორმაციით, ფინეთის საავიაციო ხელისუფლებამ ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ანტალიაში ბაზირებული ავიაკომპანიის საკუთრების ძირითადი წილი არა თურქეთში, არამედ რუსეთშია და ფაქტობრივად იქიდან კონტროლდება. ამის გამო 25 მარტიდან ფინეთმა Southwind Airlines-ს აღარ მისცა ანტალიიდან ჰელსინკიში ფრენის უფლება. 28 მარტს უკვე ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილებას, რომლითაც Southwind Airlines-ს [ოფიციალური სახელწოდება Cortex Aviation and Tourism Trade] აეკრძალა აფრენა, ფრენა და დაშვება ევროკავშირის ტერიტორიაზე 833/2014 რეგულაციის საფუძველზე. აღნიშნული რეგულაცია 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს და არეგულირებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, დასანქცირებამდე Southwind Airlines-ი გეგმავდა ფრენებს გერმანიის ქალაქებში - ბერლინში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, მიუნხენსა და შტუტგარტში, ასევე ჰერაკლიონში, საბერძნეთში.
ამ დროისთვის თურქეთიდან რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით ფრენები გრძელდება, თუმცა Southwind Airlines-ის თვითმფრინავები შავი ზღვის თავზე დაფრინავენ და ევროკავშირის ტერიტორიაზე აღარ შედიან.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა დაწერა, რომ სანქციების გამო, მინსკი-სტამბოლის თვითმფრინავი, რომლიც სტანდარტულად ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით დაფრინავდა, 30 მარტს, იძულებული გახდა ფრენა რუსეთის, ყაზახეთისა და საქართველოს გავლით შეესრულებინა. ახალ მარშრუტს 3.5 საათის ნაცვლად, 5.5 საათზე მეტი დასჭირდა.
Southwind Airlines-ი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, სავარაუდოდ, სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ანტალიაში შეიქმნა. მისი მიზანი თურქეთსა და რუსეთს შორის ტურისტების ტრანსპორტირება იყო. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ავიაკომპანიაში ყველა თვითმფრინავი და თანამშრომელთა უმეტესობა რუსული ავიაკომპანია Nordwind-დან გადაიყვანეს.
ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება 2022 წლის აგვისტოში დაიწყო და თბილისიდან ანტალიის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.
ევროკავშირმა თავისი საჰაერო სივრცე რუსეთის თვითმფრინავებისთვის 2022 წლის 27 თებერვლიდან დახურა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ავიაციის სფეროში დაწესებულ ამ სანქციას არ საქართველო შეერთებია. უფრო მეტიც, 2023 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა.
