ევროპარლამენტმა დღეს, 23 ნოემბერს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. რეზოლუციაში, რომელსაც პარლამენტის 705 წევრიდან 494-მა დაუჭირა მხარი, ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის და „ტერორიზმის საშუალებებს“ იყენებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსი სამხედროების და მათ მიერ კონტროლირებული ძალების მიზანმიმართული თავდასხმები და დანაშაულები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები ტერორისტულ აქტებთან არის გათანაბრებული და ომის დანაშაულს წარმოადგენს.
„რადგან ამჟამად ევროკავშირს არ შეუძლია ოფიციალურად ცნოს სახელმწიფოები ტერორიზმის სპონსორებად, პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, შექმნან სათანადო სამართლებრივი ჩარჩო და განიხილონ ასეთ სიაში რუსეთის დამატება. ეს განაპირობებს მთელ რიგ მნიშვნელოვან შემაკავებელ ზომებს მოსკოვის წინააღმდეგ და ძლიერი შემზღუდველი გავლენა ექნება რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
იმავდროულად, ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ, ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ტერორისტთა სიაში შეიყვანოს გასამხედროებული რუსული ორგანიზაცია „ვაგნერის ჯგუფი“, 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი (რომელიც ასევე ცნობილია „კადიროველების“ სახელით) და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა შეიარაღებული ჯგუფები.
გარდა ამისა, პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს რუსეთის იზოლაცია, მათ შორის მაშინაც, როდესაც საქმე ეხება რუსეთის წევრობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ორგანოებში, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭო. ევროპარლამენტარებს ასევე სურთ რუსეთთან დიპლომატიური კავშირების შემცირება, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ევროკავშირის კონტაქტების აბსოლუტურ მინიმუმამდე დაყვანა და რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული პროპაგანდის გამავრცელებელი ინსტიტუციების ევროკავშირში დახურვა და აკრძალვა.
„კრემლის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ესკალაციის ფონზე“, რეზოლუცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სწრაფად დაასრულონ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა.
ამასთან, ევროპარლამენტარებს სურთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა აქტიურად აღკვეთონ არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლის შემთხვევები, გამოიძიონ, სამართლებრივი დევნა დაიწყონ და ევროკომისიასთან ერთად განიხილონ შესაძლო ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე დაწესებული შემზღუდავი ზომების გვერდის ავლით რუსეთის დახმარებას ცდილობენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება. როგორც ის ამბობს, რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს ყველა დონეზე და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, რათა ბოლო მოეღოს მის მრავალწლიან ტერორიზმის პოლიტიკას უკრაინასა და მსოფლიოში.
რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ უკვე გამოაცხადეს ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტებმა. სახელმწიფოებს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს ევროსაბჭოს და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეებმა.