2023 წლის ბოლოდან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება. ვიზისგან გათავისუფლებული 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 1.4 მილიარდ მოქალაქეს, შენგენის სივრცეში მოგზაურობის ნებართვა დასჭირდება. განაცხადი წინასწარ, ელექტრონულად უნდა შეივსოს და მისი ღირებულება 7 ევრო იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) მიზანი, ვიზიტორების წინასწარი შემოწმებით, უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. ETIAS ვიზა არ არის.
პროცედურის მიხედვით, განაცხადის შევსებისას მოგზაურობის მსურველმა უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, ეროვნება, საცხოვრებელი მისამართი, მშობლების სახელები, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
- სამგზავრო დოკუმენტის დეტალები;
- დეტალები განათლების დონისა და ამჟამინდელი პროფესიის შესახებ;
- მოგზაურობის და ევროპის ქვეყანაში დარჩენის დეტალები;
- ყოფილხართ თუ არა ნასამართლევი, ან გიმოგზაურიათ თუ არა ომის ან კონფლიქტის ზონებში და თქვენს მიმართ მიღებული ყოფილა თუ არა გადაწყვეტილება, რომლითაც რომელიმე ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოგეთხოვათ.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს სხვა პირი შეგივსებთ, ის ვალდებულია, მიუთითოს საკუთარი ვინაობაც, საკონტაქტო ინფორმაცია, ორგანიზაციის ან ფირმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეტალები, ასევე, ინფორმაცია, თუ რა კავშირი აქვს თქვენთან. 18 წლამდე პირების განაცხადი მშობელმა ან მეურვემ უნდა შეავსოს.
განმცხადებლები, რომლებიც 18 წლამდე ან 70 წელზე უფროსი ასაკის არიან, გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამ თანხის გადახდა ასევე არ მოუწევთ ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებს.
განაცხადების უმეტესობა შევსებიდან რამდენიმე წუთში განიხილება, თუმცა, შესაძლებელია, რომ ზოგიერთის დამუშავებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი გადაწყვეტილებას ოთხი დღის განმავლობაში მიიღებს. ეს ვადა შეიძლება 14 დღით გახანგრძლივდეს, თუ საჭირო იქნება დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარდგენა, ან გამონაკლის შემთხვევებში - 30 დღით. აქედან გამომდინარე, უმჯობესია განაცხადი ბილეთების შეძენამდე ან საცხოვრებლის დაჯავშნამდე შეავსოთ. ამის შემდეგ, მითითებულ ელ.ფოსტაზე ორ წერილს მიიღებთ - ერთს განაცხადის გაგზავნის შემდეგ, რომელსაც თან ექნება დართული განცხადების ნომერი და მეორეს - განაცხადის განხილვის შედეგების შესახებ. უნდა დარწმუნდეთ, რომ ETIAS-ის დოკუმენტში სწორად გაქვთ მითითებული სახელი, პასპორტის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რადგან შეცდომის შემთხვევაში, საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებთ. იქიდან გამომდინარე, რომ სამოგზაურო ნებართვა დაკავშირებულია სამგზავრო დოკუმენტთან (პასპორტთან), თან უნდა იქონიოთ ის დოკუმენტი, რომლითაც განაცხადი შეავსეთ.
ETIAS-ის მიერ გაცემული სამოგზაურო ნებართვის მოქმედების ვადა სამ წლამდეა ან პასპორტის ვადის გასვლამდე. თუ ახალ პასპორტს აიღებთ, ახალი ნებართვის მიღებაც დაგჭირდებათ. მოქმედი ნებართვით შეგიძლიათ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით იმდენჯერ შეხვიდეთ, რამდენჯერაც გსურთ. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
სამოგზაურო ნებართვის მიღება ევროკავშირის ქვეყანაში შესვლის უფლების ავტომატურად მოპოვების გარანტია არ არის. მესაზღვრეები მოგზაურებს საზღვარზე ძველებურად შეამოწმებენ და ისინი, ვინც უვიზო მიმოსვლის სხვა პირობებს არ დააკმაყოფილებენ, უარს მიიღებენ.
ETIAS-ის სისტემის შემოღება 2016 წლიდან განიხილებოდა. როგორც ევროკომისია აცხადებს, ამჟამად სასაზღვრო და სამართალდამცავ ორგანოებს მცირე ინფორმაცია აქვთ იმ მოქალაქეების შესახებ, ვინც ვიზის აღებისგან გათავისუფლებულები არიან. კომისიის თანახმად, ETIAS საზღვარზე მისვლამდე გამოავლენს იმ პირებს, ვინც შესაძლოა, უსაფრთხოების ან არარეგულარული მიგრაციის რისკს ქმნიდნენ.
30 ევროპული ქვეყანა, რომელიც ითხოვს, რომ ვიზისგან გათავისუფლებულ მოგზაურებს ETIAS-ის ნებართვა ჰქონდეთ: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ETIAS-ის ამოქმედებამდე, 2023 წლის მაისიდან შესვლისა და გასვლის სისტემა (EES) დაიწყებს მუშაობას. ეს ავტომატური IT სისტემა მესამე ქვეყნებიდან მოგზაურებს დაარეგისტრირებს ყოველ ჯერზე, როდესაც ევროკავშირის გარე საზღვარს გადაკვეთენ. როგორც ევროკომისია აცხადებს, EES ჩაანაცვლებს პასპორტში ბეჭდის ხელით ჩარტყმის მოქმედ სისტემას, რომელსაც დიდი დრო სჭირდება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, საფრანგეთი გეგმავს აეროპორტებში თვითმომსახურების ჯიხურების განთავსებას, სადაც მოგზაურებს შეეძლებათ წინასწარ დაარეგისტრირონ თავიანთი ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება) და პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გადამოწმების მიზნით მესაზღვრეებს წარედგინება. ვიზიტორები, რომლებიც სახმელეთო და საზღვაო საზღვრებს კვეთენ ინფორმაციის დარეგისტრირებას პლანშეტური მოწყობილობებით შეძლებენ. მოსალოდნელია, რომ ეს სისტემა გაადვილებს იმ ადამიანების მონიშვნას, ვინც ევროკავშირში ყოფნის ვადას გადააჭარბებს. EES-ის სისტემაზე წვდომა ექნებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს და ევროპოლს - ტერორისტების, კრიმინალების, ასევე დანაშაულში ეჭვმიტანილთა და მსხვერპლთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობისთვის.