გარემოს ეროვნული სააგენტოს საბოლოო ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ხოლო განგაშის სისტემის მოწყობა ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
დღეს,16 თებერვალს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, 15 საათსა და 10 წუთზე, ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის გლაციალური ღვარცოფის გავლას, რომელიც გამოიწვია ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების თანხვედრამ, განვითარებულ გეოდინამიკურ პროცესებში ადამიანის ზემოქმედების როლი ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია და ისინი მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებს უკავშირდება.
ანგარიშის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, რომელიც დინამიკურ კონტაქტში შევიდა მყინვართან, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის დეფორმაცია და ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ყინულშიდა ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება, ასევე მყინვარის ზედაპირზე კლდეზვავის მყარი მასალის ხახუნის შედეგად მოხდა მყინვარის უსწრაფესი, ინტენსიური დნობა, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
დოკუმენტი იმეორებს სააგენტოს მიერ 6 აგვისტოს გაკეთებულ პირველად შეფასებას, რომლის მიხედვითაც, ბუბისწყალზე წყლის ხანგრძლივ შეგუბებას, არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
„ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარემ 18-24 მ/წმ შეადგინა. სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს უნდა მიეღწია 7.5-10 წუთში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
სპეციალისტების საბოლოო დასკვნის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე არსებული მდინარე ბუბისწლის ხეობა 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდე ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენდა, სადაც ღვარცოფის მნიშვნელოვან გავლას უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია, „თუ არ ჩავთვლით მდინარის კალაპოტში განვითარებულ ცალკეულ წყალმოვარდნებს“.
„2023 წლის 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული და თანხვედრილი, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ჩასახვა-გააქტიურების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“.
„მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად“.
სპეციალისტების შეფასებით, ბუბისწყლის ხეობაში დინამიკაში მოსული მყარი მასალის, მათ შორის, მყინვარის ნატეხების და მოგლეჯილი ხე-მცენარეულობის მერქნიანი მასალის მოცულობამ არანაკლებ 4 მლნ კუბური მეტრი შეადგინა. აქედან 1 მლნ კუბურ მეტრამდე აკუმულირდა კურორტ შოვის ტერიტორიაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ დინამიკაში მოსული დაახლოებით 1.5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასალა აკუმულირებულია კლდეზვავის უბნის ძირში, მყინვარ ბუბას ზედაპირზე, მდინარე ბუბისწყლის და მისი შენაკადების სათავეებში, რის გამოც საფრთხე დღესაც ნარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს საბოლოო ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებსაც, კერძოდ:
„მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რეკომენდირებული არ არის;
უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება;
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება.
ზოგადად, მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს“.
2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვში მომხდარ სტიქიური უბედურების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა. კურორტის დიდი ნაწილი განადგურდა.