გასაკვირი და სამწუხაროა, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა - ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბიზნესს დამატებით გავუზარდოთ გადასახადები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრემიერ-მინისტრის თქმით, შარშან მიღებული ცვლილებებით აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა, ასევე, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალათ 25 წლამდე მოქალაქეებს, თუმცა, „ამის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი მოქალაქეა ჩართული სათამაშო ბიზნესში“.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესიდან დამატებით 400 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს.

„საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგენთ ახალ ინიციატივას. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის  განაკვეთები უნდა შევცვალოთ და გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 %- ით, დღეს მოქმედი 2%-ის  ნაცვლად.

ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს.

აქვე მინდა, ერთი მხრივ გაკვირვება გამოვხატო, მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გასულ წელს, პარლამენტმა მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები მიიღო და აზარტული თამაშების ტელერეკლამა სრულად აკრძალა. ტელევიზიები აზარტული ბიზნესის რეკლამითა და სასპონსორო პაკეტების გაყიდვით, კომერციული შემოსავლის 20-25%-ს ფარავდნენ. აკრძალვამ სატელევიზიო მედიის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.

კანონში შეტანილი ცვლილებებით დაწესდა სხვა შეზღუდვებიც - მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 18 წლიდან 25 წლამდე გაიზარდა, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აეკრძალათ. მთავრობის მონაცემებით, ჯამში შეზღუდვა მილიონამდე საქართველოს მოქალაქეზე გავრცელდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).