მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ნიკოლოზ წიქარიძის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაშია. წიქარიძე პასუხისმგებლობას კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს აკისრებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„იქ განვითარებულმა მოვლენებმა ძეგლი მიიყვანა იქამდე, რომ კედლის მხატვრობა და მთლიანად მონასტერი კატასტროფულ მდგომარეობაშია. თავის დროზე მოუწოდებდნენ ქალბატონ თეა წულუკიანს, ამ ძეგლზე არ განხორციელებულიყო ის სამუშაოები, რომლებსაც აპირებდნენ, თუმცა ყური არ ათხოვეს დარიგებას და სამუშაოები მაინც ჩაატარეს. ჩვენი ინფორმაციით, დღეს უკვე კედლის მხატვრობა არის მძიმე მდგომარეობაში. საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ჩაერთონ და ერთად გადავარჩინოთ ეს ძეგლი. მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ეს დესტრუქციული პოლიტიკა კულტურის სამინისტროში - ქალბატონი თეას ამ სფეროდან ჩამოშორებით“, - აღნიშნა წიქარიძემ.
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი თანამოაზრეებს უხმობს, 24 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბონ. პროფკავშირი ხელისუფლებას მოუწოდებს, გელათთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გაასაჯაროოს და საქმეში ექსპერტები ჩართოს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოლიტიკა წარმოებს მხოლოდ თეა წულუკიანის სიჯიუტით და დესტრუქციული პოლიტიკის წყალობით. ყველა დასკვნაში, დოკუმენტში პირდაპირ არის გამოყენებული სიტყვები „კატასტროფული მდგომარეობა“, „გამოუწორებელი მდგომარეობა“, „სავალალო მდგომარეობა“, „შემაშფოთებელი მდგომარეობა“. უფრო შემაშფოთებელი რაღა უნდა გააკეთოს?! საზოგადოებას გვაქვს ვალი, ამ ყველაფერს პასუხი გავცეთ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს თეა წულუკიანი“, - თქვა ნიკოლოზ წიქარიძემ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი 2020 წლის ბოლოდან აღარ ჩადის და კედლის მხატვრობის გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს. სამინისტროს მტკიცებით, მხატვრობის ჩამოშლა სრულად შეჩერებულია, თუმცა ხდება გამომარილება, რის გამოც სპეციალისტები კედლის მხატვრობის მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ და მარილს აშორებენ.
თეა წულუკიანმა, სექტემბერში, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „გელათში დღეს პროცესი სწორ გზაზეა“ და პასუხს არ აგებს იმაზე, რაც იქ 2021 წლის მარტამდე ხდებოდა.
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ეს პრობლემები იყო ისეთი, რომ წლების მანძილზე ძირითადი ტაძრის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს სერიოზული საფრთხე ექმნებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა. ამიტომ, მე უარს ვამბობ, ვაგო პასუხი იმაზე, რაც 2021 წლის მარტამდე ხდებოდა. 2008 წლიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდზე კულტურის მინისტრი არ და ვერ აგებს პასუხს. 2008 წლიდან მოყოლებული გელათის კომპლექსთან დაკავშირებით არ არსებობდა სრულყოფილი დოკუმენტები და ოქმები იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა სახურავის რეაბილიტაციის დაწყებიდან. ჩვენ შევძელით, 2021 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, კოვიდის პირობებში, UNESCO-ს დარწმუნება, რომ შეეკრა გუნდი მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორ-რესტავრატორის უგო ტონიეტის ხელმძღვანელობით და მსოფლიოში ცნობილი ტაძრის კლიმატოლოგის ალესანდრო მასარის მონაწილეობით, რათა ისინი ივნისში ჩამოსულიყვნენ საქართველოში, რაც წარმოუდგენელი იყო კოვიდის პირობებში. ჩვენ 950 000 ლარი გამოვყავით და შევიძინეთ ხარაჩოები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტს, უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს და რაც მთავარია, მთლიანად ფარავს შიგნით ტაძარს. ასე მოეწყო ხარაჩოები და მას შემდეგ მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი კედლის მხატვრობაზე“, - განაცხადა წულუკიანმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მინისტრს ჰკითხეს, რატომ არ არის გასაჯაროებული გელათთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დასკვნა, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ არ იცის და ეს კითხვა საპატრიარქოს უნდა დაუსვან: „მე ის ვიცი, რას ვაკეთებ მე“.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო გელათის შესახებ მძიმე დასკვნას მალავენ. მისი ინფორმაციით, საპატრიარქომ გელათის ტაძრის მდგომარეობის შესაფასებლად თავადაც მოიწვია კომპეტენტური უცხოელი ექსპერტები, რომელთა დასკვნაში გელათი მოხსენიებულია „როგორც არაკომპეტენტურად ჩატარებული სამუშაოს გამო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი სიძველე, სადაც დაზიანების პროცესი დღესაც ინტენსიურად მიდის და ჩარევები კვლავ არაკომპეტენტურია“.