„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამაღლობელი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„ეს ერთმნიშვნელოვანი ამბავია, ვერანაირი ინტერპრეტაცია ვერ იქნება: ადამიანს არ დაალევინეს წყალი საათების განმავლობაში სწორედ ირაკლი დგებუაძის მითითებით; არ გაუშვეს საპირფარეშოში - მე ვკითხე მზიას, შემეძლო თუ არა ამის თქმა - ამ სიტყვებით: „არ გაუშვათ ტუალეტში, ჩაიფსას“; არ მოუყვანეს ადვოკატი.
ადამიანი არის ღიად და მკაფიოდ საკუთარი საქმიანობის გამო პატიმარი, სინდისის პატიმარი, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მე ვაპირებ ყველა მოვიარო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეს ამბავი მოვყვე და მოვითხოვო მისი გათავისუფლება, მოვითხოვო ზეწოლა ხელისუფლებაზე. მზია უნდა გამოვიყვანოთ, ყველა ვარიანტში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს და მხოლოდ წყალს იღებს.
„მისი შიმშილობა უკვე რეგისტრირებულია საერთაშორისო სამართლებრივი წესებით. ამასთან დაკავშირებით ჩარევა რთულია. მეც ვუთხარი, იქნებ ჯობდა შიმშილობის შეწყვეტა, მაგრამ მზიას პასუხი არის ცალსახა და მიმართვაც მისი კოლეგების მიმართ, რომ მისთვის ეს მოწოდებები ცოტა პრობლემატური და ტრავმულია. მთავარი, რაც მან ითხოვა, არის ის, რომ ყველა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობის ზედმიწევნით შესრულებას. ესეც ერთ-ერთი აღმაფრთოვანებელი მომენტი იყო.
ძალიან გამბედავი და სწორი ადამიანი გავიცანი. ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი, კარგი იქნებოდა, რომ სხვა ვითარებაში მომხდარიყო. მისი ხერხემალი მყარია, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. ის არის ნამდვილი მებრძოლი ჟურნალისტი და ყველა თავის კოლეგას და გულშემატკივარს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ ჟურნალისტურ და სამოქალაქო ბრძოლას. ის კარგად არის, მხნედ არის და მისთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება გარეთ, როგორ ვებრძვით ყველანი ერთად რეჟიმს“, - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნაწილში მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნოს.
„მე გეტყვით რატომ არ ხდება ეს: იმიტომ, რომ
თუ ის იქნება დაზარალებულად აღიარებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც იქნება გამოკვლევის საგანი და მას შეეძლება ახლად გამოვლენილი გარემოების გამო სასამართლოს წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ მიმართოს. ამიტომაც არ აკეთებენ ამას. ნახეთ, რომ ახლა სასამართლომ დახურა ყველნაირი შესაძლებლობა და აპელაციამ არ მიიღო საჩივარი“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლოე მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა.
როგორც მზია ამაღლობელი ამბობს, ირაკლი დგებუაძე პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა და სახეში შეაფურთხა. ჟურნალისტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აცნობა ისიც, რომ დგებუაძის ბრძანებით, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახალხო დამცველის და ადვოკატების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 21 იანვარს სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. ადვოკატები ითხოვენ, საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მიენიჭოს და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი იქნეს გამოძიებული, გამოძიების მიმდინარეობის დროს კი დგებუაძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს.
მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.