იანვრიდან პენსიები გაიზარდა, სოციალურად დაუცველი ბავშვები თვეში 200 ლარს მიიღებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

2023 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 35 ლარით გაიზარდა და 295 ლარი გახდა. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 65 ლარით გაიზარდა და 365 ლარი გახდა. მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე ასაკის პირების პენსია 355 ლარით განისაზღვრა, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთა პენსია თითქმის 440 ლარია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

1-ლი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 36%-დან 26%-მდე შემცირდა.

2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 ათასს არ აღემატება.

„შედარებისთვის, 2012 წელს ეს დახმარება იყო ნული, არავითარი დახმარება არ მიეცემოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ჩვენ ეს დახმარება დავიწყეთ ჯერ 50 ლარით რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდები, ორი წლის წინ, შარშან გახდა 100 ლარი, წელს 150 ლარი და შემდეგ წელს იქნება 200 ლარი. თითოეულ ბავშვზე ჩვენ გავცემთ 200 ლარს და ეს პროექტი ბიუჯეტს 465 მილიონი ლარი დაუჯდება. ჯამში, 232 000 ბავშვი მიიღებს ამ ყოველთვიურ, 200-ლარიან დახმარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.

2023 წლის 1-ელი იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა და 2000 ლარი გახდა.

დეკრეტული შვებულების პერიოდში, საჯარო მოხელეების მსგავსად, ხელფასის 100%-ს მიიღებენ პედაგოგებიც.

„ეს არის მნიშვნელოვანი, ეროვნული საკითხი. ამიტომ დემოგრაფიულ საკითხებს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და საზოგადოების გაერთიანება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წლიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გავცეთ ერთჯერადი დახმარება, 1000 ლარის ოდენობით. აქვე, საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა, ყველაზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი ოჯახი. ყოველი მესამე, მეოთხე და შემდგომი ბავშვი სოციალურად დაუცველ ოჯახებში იბადებიან, ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება მივმართოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობას თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა 2023 წელს 65 ლარით არის დაგეგმილი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარების გაზრდა. დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა გათვალისწინებულია 35 ლარით.

ფულად საარსებო შემწეობას ყველაზე მეტი ადამიანი (მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში) მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში იღებს.

  1. მესტიის მუნიციპალიტეტი (74.2% – 6899 ადამიანი);
  2. ლენტეხის მუნიციპალიტეტი (51.2% - 2254 ადამიანი);
  3. ონის მუნიციპალიტეტი (49.1% - 2996 ადამიანი);
  4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (49% - 4365 ადამიანი);
  5. ქედის მუნიციპალიტეტი (48,5% - 8200 ადამიანი);
  6. დმანისის მუნიციპალიტეტი (43.6% - 8290 ადამიანი);
  7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (43.3% - 26945 ადამიანი);
  8. ხულოს მუნიციპალიტეტი (43.1% - 10125 ადამიანი);
  9. ცაგერის მუნიციპალიტეტი (41.3% - 4257 ადამიანი);
  10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი (39.1% - 7627 ადამიანი).

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 17.9% (665 992 ადამიანი) იღებს ფულად საარსებო შემწეობას, რაც 2020 წლის მონაცემებზე 3.8%-ით (141 394 ადამიანი) მეტია. 2022 წლის მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებს 7.5%-ით აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 7 წელში კიდევ 276 342 ადამიანი გახდა სოციალურად დაუცველი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).