სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი ნიკო მანაგაძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. უწყება 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციის დროს, სხვადასხვა არხის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს იძიებს. როგორც მანაგაძე ამბობს, ის გამოკითხვაზე სამთავრობო ტელეარხის - „იმედის“ მიმართვის საფუძველზეა დაბარებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
აქტივისტის თქმით, მან „იმედის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში შეკითხვა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით დაუსვა.
„პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე („მთავარი არხის“ ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში. (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს წინა ხელისუფლების კონტექსტში).
და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ „პოლიციელებზე“ კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ „კოლეგებს“. პ.ს. ტელეკომპანია „იმედმა“ მოგვმართა ამასთან დაკავშირებითო“, - წერს ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და იგივე ქმედებას, რომელიც ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არის ჩადენილი.
გუშინ, 20 ნოემბერს, საგამოძიებო სამსახურში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, დიტო ყირიმლიშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ისინი დემონსტრანტების მხრიდან აგრესიის სამიზნეები ხდებოდნენ, განსაკუთრებით პირდაპირი ტრანსლაციის დროს. ჟურნალისტ მეგი ნარსავიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები არა მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უშლიდნენ ხელს, არამედ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
„თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არა მხოლოდ ჩართვის ან გადაასდგილების საშუალება არ მოგვცეს, ტერიტორიიდან გაგვაგდეს, ფიზიკურად გააკეთეს ეს, გვეხებოდნენ და ისე დაგვატოვებინეს ტერიტორია. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მსგავს ფაქტებზე რეაგირება გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა შევძლოთ ვიმუშაოთ ისე, რომ ხელი არ შეგვიშალონ, არ მოგვაყენონ შეურაცხყოფა“, - აღნიშნა ნარსავიძემ.
ნიკო მანაგაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტია. ის აქტიურად აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ რუსულ კანონს და ყოველ შაბათს, თსუ-ს მეორე კორპუსთან ლექციის ჩასატარებლად მისულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აქციით ხვდებოდა. 7 ივნისს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაიწყო, თუმცა, 5 თვის თავზე დასჯილი არავინ არის.