დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერება განიხილება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
იმნაძემ კომენტარი „ფორმულასთან“ გააკეთა და ამით ფაქტობრივად დაადასტურა ამავე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ NCDC-სა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის ფინანსური დახმარება შეუჩერდა. „ფორმულა“ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, NCDC-შიც უნდა წასულიყო.
„არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც [შეჩერებაზეც] არის ლაპარაკი“, - განაცხადა იმნაძემ. კითხვაზე, კონკრეტულად რა პროექტებია, მან აღნიშნა, რომ „ჯერ ვერაფერს იტყვის“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ზუსტი გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახლავთ სტრატეგიული დაწესებულება. მარტო ლუგარი ხომ არ არის?! კი, ლუგარი არის NCDC-ს მოთავე ლაბორატორია, თორემ ამის გარდა, ქვეყანაში ამერიკელების დახმარებით შექმნილია ლაბორატორიული ზედამხედველობის ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს 22 ლაბორატორიას, მათ შორის 10 არის NCDC-ს და 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ და ე.წ. ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით მუშაობს. ეს არის ცხოველთა, ადამიანთა და მცენარეთა ჯანმრთელობა, ეს არის ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.
საუბარია რომ შეჩერდეს, თუ დაპაუზდეს, თუ როგორც არის, მე არ ვიცი, ზუსტი გადაწყვეტილებები ალბათ ამ კვირაში უფრო იქნება, რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას“, - განაცხადა გამყრელიძემ „მთავარ არხთან“. ის იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორები გადაწყვეტილებას NCDC-ზე არ გაავრცელებენ, რადგან საქმე საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ეხება.
რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. 31 ივლისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აჩერებენ 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. ამის მიზეზი მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებებია“, რომლებიც, ბლინკენის თქმით, არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისთვის უცნობია, „რა თანხაზეა საერთოდ საუბარი“. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს არ არის „სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა“.
