“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკომისია ამზადებს წერილს, რომელშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
“ევროკომისია ამზადებს წერილს, რომელშიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ემუქრება. საბოლოოდ, ამ საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნები წყვეტენ კვალიფიციური უმრავლესობის გზით”, – წერს იოზვიაკი პლატფორმა X-ზე.
საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა საბჭოს ფორმატში, ხვალ, 15 ივლისს იმსჯელებენ. შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ხელისუფლების მზარდი რეპრესიების საპასუხოდ შესაძლო ზომებს განიხილავენ.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკომისარი საშინაო და მიგრაციის საქმეებში, მაგნუს ბრუნერი 15 ივლისის სხდომამდე წერილს გააგზავნის “ქართული ოცნების” მთავრობასთან ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მუქარით, თუკი საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს ქვეყნის ევროპული კურსის დასაბრუნებლად. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც “რადიო თავისუფლებამ” მოიპოვა, 5 ნაბიჯს შორის, რომლის საშუალებითაც “ქართულ ოცნებას” სიტუაციის ნორმალიზება შეუძლია, დასახელებულია რეპრესიების შეწყვეტა, უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება.
როდესაც ევროკავშირის საბჭო კენჭს უყრის ევროკომისიის ან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წინადადებას, ის მიღებულად ითვლება, თუ მიღწეულია კვალიფიციური უმრავლესობა. კვალიფიციური უმრავლესობა მიღწეულად მიიჩნევა, როდესაც ერთდროულად დაკმაყოფილებულია ორი პირობა: 1. წევრი სახელმწიფოების 55% (ანუ 15 ქვეყანა) ხმას აძლევს წინადადებას და 2. წინადადებას მხარს უჭერენ წევრი სახელმწიფოები, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის სულ მცირე 65%-ს.
9 ივლისს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მასში ხაზგასმულია ევროპარლამენტის პოზიცია, რომ საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად, საჭიროა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა სასწრაფოდ უნდა გადააფასონ ურთიერთობა „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, მიიღონ კონკრეტული ზომები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად.
რეზოლუციით ევროპარლამენტი ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, გადახედონ საქართველოს უვიზო მიმოსვლის სტატუსს, მისი შეჩერების შესაძლებლობით.
ევროპარლამენტი კვლავ ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე და მოუწოდებს ევროკავშირს, სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს ივანიშვილის ფინანსური აქტივები; გარდა ამისა, მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო კომისიაში. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე.
