„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში ყველანაირი საშუალება იყო იმისთვის, რომ „მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გადარჩენის შესაძლებლობა“. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელმწიფოს დამატებითი რესურსი, მაგალითად, ვერტმფრენების სახით, არ სჭირდებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და მაგალითად, აზერბაიჯანს უთხრა უარი? სერიოზულია ახლა ამ კითხვის დასმა?“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს. „ვერტმფრენები იყო თავიდან ბოლომდე საკმარისი იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც იდგა სამაშველო სამსახურის წინაშე. პირველი სამი საათი იყო დღე. რომელ საათზე დაღამდა? საათების განმავლობაში ვერტმფრენებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეწარმოებინათ სამუშაობი.
თქვენ შეგიძლიათ სპეკულირება ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე, მაგრამ სამარცხვინოა სპეკულირება ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების დაღუპვას, სტიქიას. უბრალოდ სამარცხვინოა ეს ყველაფერი. იქ იყო ყველანაირი საშუალება, რომ მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გადარჩენის შესაძლებლობა“.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 3 აგვისტოს სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
„რაც შეეხება მონიტორინგს, მონიტორინგის სისტემა დამონტაჟებულია ქვეყნის მასშტაბით უამრავ ადგილზე. მათ შორის, რაჭაში არის 20 ასეთი შესაბამისი აპარატურა დამონტაჟებული.
რაც შეეხება კონკრეტულად შოვის ტერიტორიას, იქ წყლის მონიტორინგი ხორციელდებოდა და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ დღეების განმავლობაში, გარდა იმ რამდენიმე წუთისა, რომელიც თვითონ სტიქიას უკავშირდებოდა, არცერთი წუთით არ დაფიქსირებულა წყლის დონის მატება ან კლება, რაც შეიძლება გამხდარიყო სტიქიის პროგნოზირების საფუძველი. რეალურად, სტიქია იყო სპონტანური და შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, მისი პროგნოზირება იყო შეუძლებელი. მსგავსი რამ არ მომხდარა არცერთ წინა წელს.
სპონტანური იყო სტიქია და აქედან გამომდინარე არ იყო პროგნოზირებადი. ნებისმიერი სტიქია რომ იყოს პროგნოზირებადი, არსად მოყვებოდა მსხვერპლი სტიქიას, მაგრამ არის უამრავი ქვეყანა, იაპონიაში მოჰყვა უამრავჯერ მსხვერპლი არაერთ სტიქიას, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, იტალიაში, სლოვენიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა კობახიძემ.
კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს.
3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 15 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით, 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. სააგენტოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის, მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ 8-10 წუთში უნდა მიეღწია. დასკვნაში ნათქვამია, რომ მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. დამოუკიდებელი ექსპერტები პირველად დასკვნაში გამოთქმულ ცალკეულ მოსაზრებებს არ ეთანხმებიან.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
პროგნოზირების შემთხვევაში, ალბათობა, რომ შოვში ეს ხალხი გადარჩებოდა, იყო 80% - ჰიდროლოგი
დიდი ალბათობით, სიკვდილს თავიდან ავირიდებდით - ინტერვიუ თეა გოდოლაძესთან