სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა. სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის, ბაჩა მგელაძის განცხადებით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა. მგელაძის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება.
„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოავლინა გარკვეული ტერორისტული აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაზიარებული პარტნიორ ქვეყნებთან. ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს ბრძანებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში“, - განაცხადა მგელაძემ.
კონტრტერორისტული ცენტრი საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მაისის დასაწყისში რამდენიმე თურქულმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ თურქეთში შექმნა ახალი სტრუქტურა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანშიც აქტიურია. სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთში, პროპაგანდისტული საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბებული „ჯიჰადის ჯგუფის“ წევრებმა სამხედრო მომზადება საქართველოში გაიარეს, რის შემდეგაც კონფლიქტის ზონებში იგზავნებოდნენ, მუშაობდნენ სირიასა და საქართველოში. თურქეთის პოლიციისა და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის მიერ 23 პროვინციაში ერთდროულად ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, 74 ეჭვმიტანილი დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერები წვრთნებს საქართველოში გადიოდნენ.
