ივანიშვილი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესისთვის“ გამოყოფილი მილიონების მითვისებასაც ედავება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების დამფუძნებლის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას ავრცელებს. ადვოკატის ინფორმაციით, კრიპტოვალუტის ბიზნესიდან 39 მილიონი აშშ დოლარის მითვისებასთან ერთად, ივანიშვილი მის მიერვე დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესისთვის“ გამოყოფილი მილიონების მითვისებას და გაფლანგვასაც ედავება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა დედამისის თხოვნით დაიწყო და 13 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში, მათ შორის, 2019 წლის აპრილამდე იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ხოლო შემდგომ ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.  მრავალი წლის განმავლობაში ბაჩიაშვილი ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული პირი იყო და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა.

 

კრიპტოვალუტის ბიზნესი

ადვოკატის თქმით, სწორედ თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობისას,

2015 წლის ზაფხულში, გიორგი ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიზნესწინადადებით მიმართა და შესთავაზა თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა.

ივანიშვილი ამ წინადადებით დაინტერესდა და ბიტკოინების მაინინგში 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება გადაწყვიტა.

ადვოკატის განცხადების თანახმად, ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხა მისი პირადი ანგარიშიდან გაეცა, თუმცა ბაჩიაშვილმა ურჩია და დაარწმუნა თანხა „ბანკი ქართუს“ მეშვეობით მის კომპანიაზე გაეცა. 2015 წლის აგვისტოში, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას „ბანკმა ქართუმ“ გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარი სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო საბლანკო ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით.

თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, ივანიშვილთან კომუნიკაციისას, გიორგი ბაჩიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება.

2016 წლის აგვისტო-სექტემბერში გიორგი ბაჩიაშვილმა დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით ერთი წლის შემდგომ, „ქართუ ბანკის“ დირექტორს ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც მისივე განმარტებით დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ, მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხიდან.

ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმჟამად გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში ინვესტირებული ფულადი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ, ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით.

ადვოკატის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ივანიშვილი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

 

კითხვები „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებით

2014 წელს, თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესის“ პროექტი შეისყიდა, რომლის მშენებლობაც წლების მანძილზე გაჩერებული იყო. თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონი დოლარი იყო და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში,

პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას.

„როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ, 2015 წლის შემდგომ, შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც), რაც აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან.

„გიორგი ბაჩიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტიურად მხოლოდ ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში და მისი ძირითადი შემოსავლების გენერირება სწორედ აქ ხდებოდა.

ლოგიკურია ივანიშვილის ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხებით, ასევე, შესაძლოა, „მტკვარის ჰესის“ მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებით“, - აცხადებს ადვოკატი.

განცხადების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლათფორმის/კრიპტობირჟის ძირითადი მესაკუთრეა, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით. არსებობს ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა სწორედ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის.

ადვოკატი აცხადებს, რომ აბსურდულია ბრალდება იმის შესახებ, თითქოს ბაჩიაშვილის მიმართ ბრალის წარდგენა მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.

„ბატონ ივანიშვილს ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები, არც ბრალდებული გამოირჩეოდა რაიმე ინტერესით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებისა თუ პროცესების მიმართ. ივანიშვილისთვის გასაკვირი არ არის ბაჩიაშვილის ამგვარი ტაქტიკა“, - ამბობს ადვოკატი და ხაზს უსვამს, რომ ბაჩიაშვილი ივანიშვილის კომპანიებში ჯერ კიდევ მოსკოვში იქნა დასაქმებული.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. საქმე ეხება 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. სასამართლომ 6 ივლისს ბაჩიაშვილს გირაო შეუფარდა 2,5 მილიონი ლარის ოდენობით. იგი ბრალს არ აღიარებს. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.