საპარლამენტო უმრავლესობა უცხოელი აგენტების შესახებ ინიცირებული ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის დამტკიცებას მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: უახლოეს დღეებში გაიმართება როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარული განხილვები, რის შემდეგაც პირველი მოსმენით მხარს დავუჭერთ ორივე კანონპროექტს. პირველი მოსმენით მიღებამდე კანონპროექტის ქართულ ვარიანტში შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება, რომლითაც დაზუსტდება უცხოული გავლენის აგენტთა წრე, მაგალითად, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი სამი მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე გვინდა რომ მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე, მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას.
ჩვენ ვენეციის კომისიაში გაგზავნა გვინდა იმიტომ, რომ ვიცოდეთ მათი პოზიციაც. თუკი იქნება შენიშვნები და ისინი იქნება გასათვალისწინებელი, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ. საბოლოოდ, ამ ორიდან ერთი იქნება მიღებული“, - განაცხადა ხუნდაძემ.
ვენეციის კომისიის ფუნქციაა იურიდიული რეკომენდაციების მიწოდება ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის, რომელთაც სურთ, თავიანთი კანონმდებლობა ან სამართლებრივი სტრუქტურები დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებთან და საერთაშორისო გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. 2014 წელს, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა მოამზადა „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციაში მიღებულ კანონზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები არაკომერციული ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრულველყოფის ინტერესმა არ შეიძლება გაამართლოს ის ზომები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობას. ტერმინის - „უცხოელი აგენტების“ შესახებ ვენეციის კომისია წერდა, რომ კომუნისტების პერიოდში გამოყენებული რიტორიკის დაბრუნებით, ეს ტერმინი ახდენს იმ ორგანიზაციებს სტიგმატიზებას, რომელთა მიმართაც ის გამოიყენება, ლახავს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ საქმიანობას.
20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას, იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტს იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა არ ჰქონდა. აქამდე არსებული პრაქტიკით, ამ დასკვნის გარეშე წარდგენილ კანონპროექტს ბიურო ავტორებს უკან უბრუნებდა.
საქართველოში მოქმედი 300-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული.
- კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტია ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება) ან ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ.
- ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა.
- კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება.
- მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას;
- კანონპროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება 10, 20 და 25 ათასი ლარით დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
კანონპროექტის ინიციატორები (სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი და სხვები) ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტის“ (Foreign Agent Registration Act - FARA) მიხედვით შეიქმნა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ იგი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს. „ხალხის ძალის“ წევრებმა ალტერნატიული კანონონპროქტის დაინიცირება გადაწყვიტეს, რომელიც მათი თქმით, ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანია.