ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში, სომხური თემის XIX საუკუნის ტაძარში, 984 წლით დათარიღებული ქვა აღმოჩინეს, რომელზეც ასომთავრულად შესრულებული ქართული წარწერა იკითხება. მასში ნახსენებია მეფე ბაგრატ III კურაპალატი და იოანე ნათლისმცემელი. X საუკუნის ქვა, ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში, საკურთხევლის ამბიონის წინ არის მოთავსებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„კვლევის ცენტრის“ მიერ ჩატარებული ექსპედიციის წევრის, ლევან წიქარიშვილის თქმით, მთავარი ფაქტორი, რის გამოც წარწერა აქამდე არ ყოფილა აღმოჩენილი, არის ის, რომ ის ბათქაშით იყო დაფარული.
„1970-იან წლებში, ამავე ტაძარში, გარე მხარეს ნახეს წარწერა, რომელიც VII-VIII საუკუნით თარიღდებოდა. მასში მოხსენიებული იყო „აკანა“ (სავარაუდოდ, აგანას ძველი სახელწოდება) და ეპისკოპოსი. 70-იან წლებში მეცნიერების ყურადღების მიღმა დარჩა ტაძრის შიდა მხარეს მოქცეული წარწერა, რაც, სავარაუდოდ, ორმა ფაქტორმა განაპირობა: ტაძარი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და როგორც ადგილობრივებმაც დაადასტურეს, ჩაკეტილი იყო. მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ წარწერა ბათქაშით იყო დაფარული. ჟამთა სვლამ და წვიმამ შელესილობის წინა ფენა გააფუჭა. ბათქაში ფაქტობრივად ჩამოცვენილი დაგვხვდა და წარწერის ფრაგმენტები ჩანდა“, - ამბობს მკვლევარი.
ქვა ეკლესიის კარის თავზე უნდა ყოფილიყო მოთავსებული. როგორც ლევან წიქარიშვილი აღნიშნავს, სწორედ კარის თავზე კეთდებოდა ასეთი მნიშვნელოვანი წარწერები.
„ამ წარწერის შემსრულებელი ადგილობრივი ფეოდალი უნდა ყოფილიყო. მისი სახელის ამოკითხვის პროცესში ვართ. წარწერაში მოხსენიებულია ბაგრატ III კურაპალატი, შუა ნაწილში კი მითითებულია ქორონიკონი (რაც იმ პერიოდში თარიღის მითითების ფორმა იყო) 984 წელი. ამ წლისთვის ბაგრატი კურაპალატის ტიტულს არ ატარებდა. როგორც წესი, ქორონიკონის მითითება ბოლოში ხდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, 984 უნდა ყოფილიყო ტაძრის მშენებლობის დაწყების თარიღი, მშენებლობა კი იმ დროს დასრულდა, როდესაც ბაგრატს უკვე კურაპალატის ტიტული ჰქონდა. პირდაპირ იკითხება „ნათლისმცემელი“ და როგორც ჩანს, ეს ტაძარი ნათლისმცემლის სახელობის იყო“, - აცხადებს ლევან წიქარიშვილი.
წარწერა არ არის სრული, რადგან ქვის ნაწილი, დაახლოებით 50 სმ დაკარგულია. „კვლევის ცენტრის“ წევრები ფიქრობენ, რომ ქვა მეორადად არის გამოყენებული და ამიტომ არის ამბიონთან განთავსებული. მათივე აზრით, XIX საუკუნისთვის, როდესაც სომხურმა თემმა ეკლესია ააშენა, ძველი ტაძარი დანგრეული იქნებოდა.
აგანის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2012 წელს მიენიჭა, თუმცა დღეს ის გადახურვის გარეშეა დარჩენილი და ნადგურდება. კულტურის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ტაძარში წარწერის აღმოჩენას არ გამოხმაურებიან.