კახეთის პოლიციის უფროსად ძალადობაში მრავალჯერ მხილებული თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, 38 წლის თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. სხვადასხვა დროს მოქალაქეები კალანდაძეს ადანაშაულებდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში, გაუპატიურების მუქარაში. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელ ადგილობრივ გამოცემაზე ზეწოლაც და რედაქციასთან პოლიციის დავალებით გამართული საპროტესტო აქციები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

თეიმურაზ კალანდაძე 2013 წელს მუშაობდა კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში - უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსად. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის გამომძიებელი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უღირსი საქციელისთვის სასტიკი საყვედური მას სწორედ ამ პერიოდში გამოუცხადა. საქმე ეხება პატიმრის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობას: „ჩემი მეუღლე ნარკოტიკის გამო დაიჭირეს. 9 წლის შვილთან ერთად მარტო დავრჩი. მეუღლის საქმეს კალანდაძე იძიებდა. მაშინ ის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში მუშაობდა. კალანდაძე მე და ჩემ მეუღლეს 7 თვე გვისმენდა და იცოდა, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ გვქონდა. ქმრის დაკავების შემდეგ კალანდაძე ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა იმ მიზეზით, რომ მარტოხელა დედა ვიყავი და ვეცოდებოდი. მესიჯებს შვიდი თვის განმავლობაში მწერდა. სასიყვარულო ურთიერთობაც სწორედ ასე დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კალანდაძემ მობილური გამორთო, სამუშაო ადგილი შეიცვალა და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა“.

2014-2017 წლებში თეიმურაზ კალანდაძე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მოქალაქეებმა რეგიონის პოლიციის პირველი პირი და მისი თანამშრომლები არაერთხელ ამხილეს ძალადობაში.

2015 წლის 2 თებერვალს, ახალციხის რაიონული სასამართლოს დარბაზში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ კალანდაძემ მას ჯერ წიხლებით, შემდეგ კი „სნოს“ ბოთლით სცემა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კაპანაძეს დაზიანება მიყენებული ჰქონდა მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით. პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო, თუმცა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის მოტივით შეწყვიტა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კალანდაძის დირექტორობის პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლები წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დაადანაშაულა მოქალაქე სერგეი ბაბოიანმა, რომელსაც ბრალი 80 წლის ქალის მკვლელობისთვის წაუყენეს, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ის გაამართლეს.

„ცემა დამიწყეს, ჯერ სახეზე და მერე გულმკერდზე ფეხსაცმლის ქუსლი მირტყეს, ფეხებშიც მირტყამდნენ. სახეზე სისხლი მდიოდა. მერე თავზე წყალი დამასხეს, რომ მოვსულიერებულიყავი. შემდეგ იატაკზე პირქვე დამაწვინეს, ხელები გამაშლევინეს და თითებზე ფეხებით შემდგნენ. მეუბნებოდნენ, აღიარეო. რა უნდა ვაღიარო, არაფერი ვიცი მეთქი. მაშინ ის თქვი, ვინ მოკლაო. ვეუბნებოდი, არც ეგ ვიცი ვისი გაკეთებულია მეთქი. ამის შემდეგ ტუალეტში გამიყვანეს და პირიდან სისხლი მომაბანინეს. მერე მუხლებზე დამაყენეს, ხელებიც დადეო, მითხრეს, იარეო. ვიარე ეგრე, მერე მითხრეს: იყეფეო, დავიყეფე. ოთხზე დავდექი, მუხლებზე და ხელებზე, დავდიოდი და თან ვყეფდი.

მაგიდაზე ცარიელი ნახევარლიტრიანი ბოთლი იდო, ჩააგდეს ძირზე ერთი ხუთჯერ და აიღეო, მითხრეს. ხელით დავწვდი რომ ამეღო, ხელებით არა, პირითო. მუხლებით იყავი და პირით ისე აიღეო“, - ციტირებს გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ სერგეი ბაბოიანის ნაამბობს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბაბოიანს დაზიანებები იმ პერიოდში აქვს მიღებული, როცა ის პოლიციაში იმყოფებოდა. პროკურატურამ გამოძიება ამ შემთხვევაზეც დაიწყო, მაგრამ პასუხისგებაში არავინ მიუცია.

თეიმურაზ კალანდაძეს ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებდა ერთ-ერთი ბრალდებულის და ახალქალაქიდან: „მეორე სართულზე ოთახში შემიყვანეს. დაახლოებით ოთხნი იქნებოდნენ, მიყვიროდნენ: იცი შენი ძმა სადაცაა და გვითხარიო. თქვი, რომ ჩემ ძმას ეს მე გავაკეთებინე და გაგიშვებთო.

სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე ჯერ ხელით თავში და მერე უკნიდან წიხლებს მირტყამდა, თმას მწიწკნიდა და ტანსაცმელს მაგლეჯდა. გაგხდით ტანსაცმელს და ამას და ამას ვიზამთო...

კალანდაძის მოადგილეც მირტყამდა, იმან პირთან ფეხსაცმელიც მომადო. ამ ცემა-ტყეპაში გათენდა, მეორე დღეს გავიგე, რომ თურმე დასაკითხად ჩემი 15 წლის ბიჭიც ჩამოყვანილი ჰყოლიათ და ისიც უცემიათ, თქვი, ბიძაშენი სადააო“.

„სამხარეოს უფროსმა წიხლები ურტყა, ტანსაცმელი შემოაგლიჯა და გაუპატიურებით დაემუქრა“ - სავარაუდო მორიგ ძალადობაზე ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ონლაინგამოცემა „სამხრეთის კარიბჭემ“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამჯერ დარეკეს და სათაურის შეცვა ითხოვეს. იგივე თხოვნით სტატიის ავტორს მიაკითხეს თეიმურაზ კალანდაძის გაგზავნილმა პირებმა. უარის მიღების შემდეგ კი, პოლიციის დავალებით, „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციასთან ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა.

2018 წელს, თეიმურაზ კალანდაძე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი იყო. კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟი, კობა კობალაძე აცხადებდა, რომ პოლიციელები მას თავს დაესხნენ მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კობალაძეების საცხოვრებელ ბინაში გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იმყოფებოდა. თავად პოლიციელებმა დამალეს კობალაძეების ოჯახში ყოფნის ფაქტი. „ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ეჭვები ბინაში პოლიციელთა ყოფნის ფაქტის დამალვის მოტივაციასთან დაკავშირებით, მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა - ორივე პოლიციელი დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი. პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში“.

2020 წელს, თეიმურაზ კალანდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს უფროსად დანიშნეს. 2022 წელს ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

კახეთის პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ გახდა, როცა გიორგი ალადაშვილი კახეთის გუბერნატორად დაინიშნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).