„ქართული ოცნების“ მთავრობა მთავრობისვე კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას გეგმავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი უკვე დაინიცირებულია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
სააგენტოს მიზანი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა „საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია საზოგადოებრივი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების – როგორც „დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილის“ – მნიშვნელობაზე. აღნიშნუალია, რომ ამგვარი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებაში თავიანთი საზედამხედველო (ე.წ. watchdog), ანალიტიკური (ე.წ. think tank) თუ სერვისების მიმწოდებელი (ე.წ. service provider) პროფილიდან გამომდინარე. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, თუმცა, „ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო ფინანსებით მათი განვითარების ხელშეწყობისა და წახალისების წარმატებული პრაქტიკა“.
კანონპროექტის მიხედვით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება „გრანტების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით 10 პირის დასაქმება იგეგმება. მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და მის ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ სექტემბერში, ე.წ. „უცხეოთის აგენტების“ შესახებ კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ „აგენტების რეესტრში“. კობახიძე მაშინ ამბობდა, რომ პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდებოდა.
ამ თემას „ქართული ოცნება“ ახლახანს მიუბრუნდა, როდესაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების შემოღება დაანონსა. მდინარაძის თქმით, მიიღებენ ამერიკული Foreign Agents Registration Act-ის (FARA) მოქმედი რედაქციის „პირდაპირ ასლს“, რის შემდეგაც რუსული კანონი გაუქმდება.
„შარშან პარლამენტმა მიიღო FARA-ს მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ, მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას“, - თქვა მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)