„ქართულმა ოცნებამ“, 224 ხმით, საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

არალეგიტიმურ პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან არჩევნებში მონაწილეობა 225-მა წევრმა მიიღო, 224-მა ხმა მიხეილ ყაველაშვილს მისცა, ხოლო ერთი ბიულეტენი, რომელიც აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრს, ადა მარშანიას ეკუთვნოდა, ბათილად ჩაითვალა. „ქართულ ოცნებას“ კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, პირველივე ტურში კანდიდატის ასარჩევად კი 200 ხმა საკმარისი იყო.

„ცუდი კანდიდატურაა. უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას. თქვენ, ყველამ ერთად, საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც, როგორ პოლიტიკურ ძალას. ხმას არ ვაძლევ“, - ეს სიტყვები მარშანიამ საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენის ჩაგდებამდე თქვა.

მიხეილ ყაველაშვილი ხუთი წლის ვადით, არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. 300-წევრიან კოლეგიაში 150 პარლამენტის წევრი უნდა ყოფილიყო, 21 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი საბჭოს) დეპუტატი, 20 - აფხაზეთის ა/რ-ს უმაღლესი საბჭოს წევრი, 109 - საკრებულოს წევრი. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 109 წევრიდან „ქართულ ოცნებას“ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას - 55. იმის გამო, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნა, მათთვის განსაზღვრული 55 ადგილი „ქართულმა ოცნება“ შეავსო, რის გამოც საარჩევნო კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავდა.

არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევაში არ მონაწილეობდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები. კენჭისყრას ბოიკოტი საჯაროდ გამოუცხადეს აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა - საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ.

ყოფილი ფეხბურთელი, დეპუტატი და ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს, ყაველაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ მას პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება „განსაკუთრებულად გამოარჩევს“. „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ - ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“, - აღნიშნა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს უმაღლესი განათლება არ აქვს. 

ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. ფორმალურად სწორედ ამ დღიდან შეუწყდება უფლებამოსილება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება და მისი „მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას“, ვინც ის უნდა შეცვალოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.