პარლამენტის შენობის უკან, კარვის დადგმის მცდელობისას საპროტესტო აქციის მონაწილის, ბექა გრიგორიადისის დაკავებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს, კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილია, რასაც ადასტურებს, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება.
ამასთან, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთათვის საპროტესტო ბანერების წართმევა არ შეესაბამება სამართალდამცავთა ვალდებულებას, ხელი შეუწყონ გამოხატვის უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით.
ლევან იოსელიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
ბექა გრიგორიადისი „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ მარტის აქციების დაკავებული მონაწილის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამაა. რამდენიმე დღის წინ მან შვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ერთი კაცის აქცია“ დაიწყო და პარლამენტის შენობის უკან კარვის დადგმა რამდენჯერმე სცადა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. 1-ელ ივნისს, მორიგი მცდელობის დროს, ის ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიცია კარვის განთავსებისთვის ხელის შეშლით მშვიდობიანი მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. იგივე მოხდა ერთი თვის წინაც, როცა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები, მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან აქციას მართავდნენ.
მოქმედი კანონმდებლობით, კარვის გაშლის უფლება მაშინ შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის ხელს უშლის გზის სავალ ნაწილს, ბლოკავს შენობას ან იწვევს დაწესებულების მუშაობის შეფერხებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ქმედება ქართულ სასამართლო პრაქტიკასთანაც წინააღმდეგობაში მოდის. სააპელაციო სასამართლო ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია შესაძლებლობას აძლევს პირს, მისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი, კარვის განთავსება კი აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.