კავშირში არაა ბატონ ბიძინასთან, მაგრამ რომც იყოს, რა? - კვიჟინაძე „ოფშორების“ კანონპროექტზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 75 ხმით 9-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ოფშორული ზონიდან საქართველოში ქონების გადმოტანა მარტივდება. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ოპოზიციის წევრები ვარაუდობენ, რომ ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა თქვა, რომ გადასახადების დაწევით ოფშორიდან ფული მარტივად არ შემოდის და მთავარია სანდო სასამართლოს არსებობა.

„ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენს სასამართლოს ენდობიან? ცხადია, რომ არ იქნება ბევრი უცხოელი ინვესტორი. მე არ ვიცი, ვის ეხება ეს კანონი ზუსტად, უბრალოდ ვიცი, რომ ეს არის ადამიანი, ვისაც დიდი ფული აქვს, სავარაუდოდ თვიოთმფრინავი ჰყავს, ან რაღაც ამდაგვარი, რომელიც ენდობა ჩვენს სასამართლოს, რომელსაც იმხელა გავლენა აქვს, რომ პარლამენტი ასეთ ცვლილებას დაჩქარებულად იღებს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია.

რაქვიაშვილისთვის გაუგებრია, როგორ შეიძლება საგადასახადო კოდექსში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა დაჩქარებული წესით, ორ დღეში. დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტიდან ეს ნაწილი ამოიღონ და ის ცალკე განიხილონ. „თუ ეს მართლა ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, არსად გაიქცევა ინვესტიცია, თუ კანონი მიღებული იქნება ივნისში დ არა დღეს“, - თქვა მან.

დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, საგადასახო კოდექსში ამ ცვლილებების მიღებამ შესაძლოა საქართველო „შავი ფულის სამრეცხაოდ“ აქციოს.

„ამ ცვლილებით შეღავათს ვაძლევთ გაუმჭვირვალე იურისდიქციაში დარეგისტრირებულ კომპანიებს. ოფშორები რომ არსებობს, ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ახლა, ამ ბოლო ხანებში, სხვადასხვა გზებით და საშუალებებით, მათი გამჭვირვალობა გახდა უფრო ხელმისაწვდომი. ამიტომ მოსალოდნელია იქიდან ქონებების გადინება და ბარემ საქრთველოში ჩამოვიდესო. ეს იყო ნათქვამი. საქართველოში, მემგონი, ყველა ბიზნესმენს ერთად აღებულს თუკი რამე აქვს სადმე ოფშორში, იმაზე მეტი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ნეტა მეტი ჰქონდეს და საქართველოს მოახმაროს. ამიტომ, ეგ არის პრობლემა, რომ სადღაც პრობლემები გაჩნდა და ახლა საქართველოში გადმოტანაში შევუწყოთ ხელი?“, - აღნიშნა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.

კანონპროექტი მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. როგორც მან განაცხადა, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი რომ არ ყოფილიყო, ოპოზიციონერ დეპუტატებს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები არ გაახსენდებოდათ.

„ბატონ ბიძინაზე მინდა ვთქვა - საერთოდ არ მინდოდა ამ თებაზე საუბარი - ჯერ ერთი, რომც გადმოიტანოს, რა? თქვენ არ იძახით, რომ გაუმჭვირვალეა და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება. რა არის ცუდი, თუ გადმოიტანს. მით უმეტეს, გეუბნებით რომ აქ არის 3000-მდე კომპანია.

ბატონ ბიძინაზე ვერიდები ხოლმე საერთოდ საუბარს, მაგრამ თუ საქართველოში რამე კარგი გაკეთდა - სახელმწიფოს არ ვგულისხმობ - ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი? ერთი მთაწმინდის პარკია, მოგეწონება, ცხონებული ბატონი ბადრის [პატარკაციშვილი] გაკეთებული. დანარჩენი სულ ყველაფერი ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის? ეკლესიები, თეატრებია თუ რაც უნდა იყოს და რა გადაიხადა საქართველოშიო. მეტი რა უნდა გადაიხადოს.

კიდევ ვიმეორებ, რასაც მთავარს ამბობთ და რაც ყველაზე მეტი ტყუილია - უნდაო აქ გადმოიტანოს ყველაფერიო, ეშინია, არ დაასანქცირონო. ამაზე მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებდით, რადგან თუ სანქცირება მოხდა ამერიკისგან თუ ევროპისგან, ვინც არ უნდა იყოს, ვერაფერი ვერ უშველის, ვერაფერს გააკეთებ. იქნება დასანქცირებული ყველა ბანკში. ეს არის აბსურდი. ეს არის პოლიტიკური, გუშინდელის გაგრძელება, რომ აწიონ თემა და იყოს ამ თემაზე გაჩერებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს, რა? ცუდი რა რხდება? გამჭვირვალე ხდება ყველაფერი“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ განიხილა და მიიღო. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:

  • ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;
  • აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან.
  • საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.

ამასთან შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100%-ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) უნდა ფლობდეს. კანონი იმოქმედებს მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).