საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზე თქვა, რომ მან ჯერ ჯარი გაძარცვა, მერე ბიზნესი და ევროპელი პენსიონერები. პრემიერმა კეზერაშვილის სახელი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს დაუკავშირა. პროკურატურას ქოლცენტრების საქმეში კეზერაშვილის მონაწილეობაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„როგორ ბედავთ საერთოდ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ მახინჯი, მჩაგვრელი დიქტატორული რეჟიმის და სისტემის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა.
კერძო საკუთრების განცდა და ცნება საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში, ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები გაძარცვა.
ამის შემდეგ როგორ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, რომ აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე? ეს არის შეთქმულება, თქვენ ამას აგრძელებთ“, - მიმართა პრემიერმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრს გიორგი ვაშაძეს.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ 2022 წელს არაერთი პირი დააკავა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ათობით ადამიანი. პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას. აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ე.წ. ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის, სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით ქმნიდნენ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.
დავით კეზერაშვილი, რომელიც 2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენით, კეზერაშვილი ცნობილია დამნაშავედ ე.წ. წვრთნების საქმეზე და დაუსწრებლად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პროკურატურა კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრად მუშაობისას 5 060 000 ევროს გაფლანგვას ედავებოდა. სასამართლომ კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ამ თანხის ანაზღაურებაც დააკისრა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ხელმძღვანელებმა კეზერაშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები კრიტიკულ მედიაზე შეტევად შეაფასეს.
2022 წლის სექტემბერში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ დავით კეზერაშვილი არაფორმალური გავლენების გამო მისი პარტიისთვის სახიფათოა. მანამდე მელიამ კეზერაშვილს „მოოლიგარქო“ უწოდა.
29 სექტემბერს, დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩარევას პოლიტიკაში, აფინანსებს და გააგრძელებს დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას და გვერდში უდგას ყველას „ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა“.
ნოემბერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვა. ამ პროცესების უკან პარტიის წევრთა ნაწილი კეზერაშვილს მოიაზრებს.
საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:
- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
- არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
- მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
პროექტით, კანონის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის 1 ივნისი, ხოლო კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება 2033 წლის 1 ივნისიდან.