პარტია „ხალხის ძალა“, რომლის დამფუძნებლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატები არიან, იანვარში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომლითაც „უცხოური აგენტების“ რეესტრში შესვლა მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და სხვა პირებს, რომლებიც დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იღებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანონით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი „ენჯეოსთვის“ და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად.
შემოღებული იქნება „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. შესაბამისი კანონპროექტი მომზადდებოდა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთი კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას“ ითვალისწინებს.
„ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას. დღეს მთელი რიგი მედიასაშუალებები და NGO-ები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან როლს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარების აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“ (FARA), რომელზეც „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აპელირებენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 1938 წელს მიიღეს და მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის წინ, აშშ-ში უცხოური პროპაგანდის პრევენციას. „FARA მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შეერთებულ შტატებში უცხოური გავლენის იდენტიფიცირებისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე. დღეს FARA ძირითადად ორიენტირებულია იმ პირებზე, რომლებიც აშშ-ში ახორციელებენ პოლიტიკურ საქმიანობას ან ადვოკატირებას „უცხოელი ხელმძღვანელების“ დავალებითა და დაფინანსებით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდების მიზნით. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, გარკვეული ინფორმაციის, მათ შორის, ე.წ. ფეიკების გავრცელების გზითაც. FARA-ს მიხედვით, ასეთი პირები ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ იუსტიციის დეპარტამენტში და გაამჟღავნონ თავიანთი ურთიერთობები, საქმიანობა და დაფინანსება, რომელსაც ადვოკატირების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მხარდასაჭერად იღებენ. მაგალითად, რუსეთისგან განსხვავებით, აშშ-ში FARA-ს ფარგლებში რეგისტრაცია ორგანიზაციებს თუ პირებს საქმიანობაში ხელს არ უშლის.
„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წლიდან რუსეთშიც არსებობს, რამაც იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა უცხოური აგენტების ერთიან რეესტრში შეიყვანოს არაკომერციული ორგანიზაციები თუ ისინი უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და „პოლიტიკურ საქმიანობას“ ეწევიან. ამასთან, „პოლიტიკური საქმიანობა“ ძალიან ფართოდ არის განმარტებული და მოიცავს აქციებისა და დისკუსიების ორგანიზებას, პიკეტებში მონაწილეობას, არჩევნებზე დაკვირვებას და მოქმედი ხელისუფლების შესახებ შეფასებების სოციალურ ქსელებში გავრცელებასაც კი. 2017 წელს რუსეთის კანონმდებლობაში გამოჩნდა ახალი ფორმულირება - მასობრივი ინფორმაციის საშუალება, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებს. პირველები, ვინც რეესტრში მოხვდნენ „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური და „ამერიკის ხმა“ იყვნენ. 2022 წლისთვის „უცხოური აგენტის“ ცნება იმდენად გაფართოვებულია, რომ ახლა ის შეიძლება გამოყენებული იქნეს თითქმის ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ, განურჩევლად მოქალაქეობისა და ადგილსამყოფელისა, თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ასეთი სუბიექტი „უცხოური გავლენის ქვეშ“ იმყოფება. რუსეთში „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადებულ პირებს ეკრძალებათ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და მათთვის საინფორმაციო პროდუქტების წარმოება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება ან მათი ორგანიზატორებისთვის თანხის გადარიცხვა. „უცხოურ აგენტებს“ ასევე ეკრძალებათ საჯარო სამსახურში მუშაობა, სახელმწიფო ორგანოებთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოებში, საარჩევნო კომისიებში და საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა, სამართლებრივი აქტებისა და მათი პროექტების დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ექსპერტიზის ჩატარება.