ხარაგაულში ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმეზე სტრასბურგს მიმართეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 28 წლის ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმეზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, ამირან კვირიკაშვილმა თავი პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო მოიკლა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ამირან კვირიკაშვილის დედა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევაზე დავობს.

ამირან კვირიკაშვილმა თავი 2017 წლის 4 ნოემბერს მოიკლა.

ერთი კვირით ადრე, 28 ოქტომბერს, ის ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების მიზნით“ იყო დაბარებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილემ ამირან კვირიკაშვილი ჯართის მოპარვაში დაადანაშაულა, სახეში ფურცლები გაარტყა და დაემუქრა, რომ „მიხედავდა“.

„ან ითანამშრომლე ჩვენთან, ან დაგიჭერთო. ეს იყო მუქარა, რომელიც ვერ აიტანა. პირადად მე მითხრა, რომ ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო. მათ ვერაფერს დაუშავებდა და ისევ თავის თავს ავნო... თქვენ ბევრი ჯართი გქონიათ ჩაბარებულიო... როგორც მისი საუბრიდან მივხვდი, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ვერ გაუძლო“, - ამბობდა გარდაცვლილის და, ნატო კვირიკაშვილი.

თვითმკვლელობის საქმეს თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ხარაგაულის პოლიცია იძიებდა, რაც უკანონოა, რადგან კვირიკაშვილმა თავი, სავარაუდოდ, სწორედ ამავე სამმართველოში განხორციელებული ზეწოლის გამო მოიკლა. საქმე პროკურატურას მხოლოდ 5 დღის შემდეგ გადაეცა. გამოძიება დღემდე არ არის დასრულებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საქმეში არსებული საპირისპირო მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ უპირობოდ გაიზიარა ხარაგაულის პოლიციის განყოფილების მიერ განვითარებული ჰიპოთეზა, თითქოს ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის მიზეზი მისი მძიმე ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა იყო.

„გარდა ამისა, პროკურატურას არ ჩაუტარებია რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: კომისიური ექსპერტიზა გარდაცვალებამდე გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად, პოლიციაში გარდაცვლილის გამოკითხვასთან დაკავშირებული მოვლენების რეკონსტრუქცია, გარდაცვალების შემდგომი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ისეთი მოწმეების გამოკითხვა, რომელთაც შეეძლოთ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება და ა. შ. პროკურატურას ასევე არ უცდია მოწმეთა ჩვენებების გადამოწმება და მათ შორის, წინააღმდეგობების აღმოფხვრა. გარდა ამისა, გამოძიებამ ვერ დაადგინა პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილის დაბარების მიზეზი და მასთან გასაუბრების შინაარსი. საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი ჩატარდა დაგვიანებით, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება ხუთ წელზე მეტია ჭიანურდება“, - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელი უთითებს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება არაეფექტიანია და კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი ეფექტური გამოძიების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

რამდენიმე დღის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების დარღვევა (პროცედურულ ნაწილში) დაადგინა. თავის გადაწყვეტილებაში სასამართლო გამოძიების არაეფექტურობაზე და დაშვებულ ხარვეზებზე მიუთითებს. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.