ხიდაშელისთვის რაჭის ტყის გადაცემაზე პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ

დავით ხიდაშელი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, გამოძიება დაიწყოს მთავრობის მიერ რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ორგანიზაციის განცხადებით, დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყის გადაცემით, სახელმწიფოს კონკრეტული ფინანსური ზიანი მიადგა და აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა, კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება იყოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. ჩვენი დათვლით, ამ გზით, სახელმწიფო დაახლოებით 2,057,593 ლარის (619,757 აშშ დოლარი) პირდაპირ შემოსავალს კარგავს.

2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები პირები რაჭის ტყესთან დაკავშირებით ორ შემოთავაზებას განიხილავდნენ:

ერთი შემოთავაზება ეკუთვნოდა რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენს, რომელსაც არ შეუსრულებია სახელმწიფოს წინაშე აღებული წინა ვალდებულებები და რომელიც ჰექტარში იხდის 11 ლარს (საინვესტიციო ვალდებულებით 58.7 ლარს);

მეორე ეკუთვნის ავტორიტეტულ საერთაშორისო ფონდს, რომელსაც 8.5 მილიონი ევრო აქვს ჩადებული საქართველოს ბუნების კონსერვაციაში და ჰექტარზე იხდის გარანტირებულ 45 აშშ დოლარს (დაახლოებით 149.2 ლარს), რაც 13-ჯერ უფრო მეტია პირველ შემოთავაზებაზე.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მარტივი უნდა ყოფილიყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ ორი შეთავაზებიდან სახელმწიფოს მაქსიმალურ სარგებელს მოუტანდა, კერძოდ: მაქსიმალური ფართობის დაცული ტერიტორიის შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე სამონადირეო ლიცენზიის გაცემა. იმ გადაწყვეტილებით, რაც იქნა მიღებული, სახელმწიფომ დაახლოებით 2,057,593 ლარის შემოსავალი დაკარგა.

საქმის გარემოებები მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ფინანსური ინტერესის საწინააღმდეგოდ, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენის ინტერესის სასარგებლოდ გაკეთდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება იყოს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს გარემოებებს, რომლის მიხედვითაც, დავით ხიდაშელი არ არის რიგითი ბიზნესმენი და რომ ის ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია:

  • დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორი და მეგობარია. 2007-2014 წლებში ის ევტუშენკოვის კომპანია „სისტემას“ (უმსხვილესი რუსული კორპორაცია) ხელმძღვანელობდა; კომპანია რუსულ სამხედრო მრეწველობაში არის ჩართული. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის 13 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა.
  • ევტუშენკოვს ასევე ახლო კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან. მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილმა ევტუშენკოვისგან ბიზნეს შეთავაზება მიიღო და მის წარმომადგენელს ქვეყნის პრემიერთან შეხვედრა შესთავაზა (პრემიერი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი ასისტენტი იყო). ევტუშენკოვმა ღარიბაშვილთან შეხვედრა დაადასტურა, ხიდაშელმა – უარყო, თუმცა ევტუშენკოვის შეთავაზებაში მონაწილეობის მიღება დაადასტურა.
  • დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმის მთავარი მოქმედი პირია - გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს დავით ხიდაშელმა რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, რისთვისაც მას ივანიშვილმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა.
  • 2022 წლის 28-29 მაისს, პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, გაურკვეველი სტატუსით, დავით ხიდაშელიც იყო.

დავით ხიდაშელისთვის რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარის ტყის 49 წლით გადაცემის ამბავი „მთის ამბებმა“ გაახმაურა, რასაც საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „მწვანე ალტერნატივას“ და რაჭის სათემო ორგანიზაციას სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და მათ გაუქმებას ითხოვენ. მთავრობამ მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადა, რომ რაჭაში 50,894 ჰექტარზე დაცულ ტერიტორიას შექმნის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.