„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა არალეგიტიმურ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადებით მიმართეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ხალხის, ამომრჩევლების წარმომადგენლობაზე ვამბობთ უარს, ცვლილებების მიღწევის მანდატზე ვამბობთ უარს. არა, პირიქით. ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენასა და ახალ არჩევნებზე. დიახაც, ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს“, - განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
მანამდე, „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ ცესკოს მიმართა და პარტიული სია ჩახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პარლამენტი კოალიციის 19 დეპუტატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მათ ადგილს ადგილმონაცვლეები ვერ დაიკავებენ.
„როგორც კი გამოცხადდა გაყალბებული არჩევნების შედეგები, ჩვენ ვთქვით, რომ ჩავხსნიდით სიას და უარს ვიტყოდით მანდატებზე. პირობა შევასრულეთ. არანაირი ფორმალურ-სამართლებრივი კავშირი ამ თვითმარქვია, არალეგიტიმურ პარლამენტთან ჩვენ არ გვექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკისთვის, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. რას იზამენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ვერ გეტვით“, - აღნიშნა ნანა მალაშხიამ, რომელიც კოალიციის პარტიულ სიაში პირველი იყო.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს „ქართული ოცნების“ სულ მცირე 76-მა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემების თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი (53.93%) მოიპოვა, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - 19 მანდატი (11.03%), „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 16 მანდატი (10.17%), „ძლიერმა საქართველომ“ - 14 მანდატი (8.81%), ხოლო პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი (7.78%). ამ შედეგებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე 25 ნოემბერს შეიკრიბა და კონსტიტუციის დარღვევით, 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
