რესპუბლიკელი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელშიც შესაძლო სანქციებზეც იქნება საუბარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, კანონპროექტით მოითხოვენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციებისთვის თავის არიდებისა და ქვეყნის შიგნით რუსეთის დაზვერვის ჯაშუშების შესახებ.
„ისინი ვინც პასუხისმგებლები არიან უცხოეთის აგენტების კანონმდებლობასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო თავდასხმაზე, შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ. კანონპროექტი ასევე სთავაზობს საქართველოს შესაძლებლობას გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-სთან, თუ ის კურსს შეიცვლის.
ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, ვინაიდან მისი მოქალაქეები ცდილობენ შეაჩერონ ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტი“, - ვკითხულობთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, რომელიც ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
ჰელსინკის კომისია „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებდა, 17 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონის მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის ღიად ანტიდასავლური შემობრუნებისა და რუსეთთან - ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი - დაახლოების მაუწყებელია.
„კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის მტკიცე და დიდი ხნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, მათ შორის პოტენციურად მიზნობრივი ინდივიდუალური სავიზო აკრძალვების, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, პრო-დემოკრატიულ და პროდასავლურ მოსახლეობას ნების საწინააღმდეგოდ მიათრევს მოსკოვისკენ და მზადაა, ამ პროცესში დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას“, - აცხადებს ჰელსინკის კომისია.
კომისია საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური არჩევანის დაცვის შესახებ კონგრესში, 4 ივნისს, დისკუსიას გამართავს.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. 18 მაისს, პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო.
