კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. მსგავსი უარყოფითი შეფასება საქართველოს ბოლოს 2015 წელს ჰქონდა (52 ქულა). ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში რამდენიმე წელია დემოკრატიული უკუსვლაა, ღრმავდება სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს, მაშინ, როდესაც 2022 წელს 41-ე ადგილზე იყო. პირველ ათეულში არიან ევროპული ქვეყნები - დანია (90 ქულით), ფინეთი (87 ქულით), ნორვეგია (84 ქულით), შვედეთი (82 ქულით), შვეიცარია(82 ქულითა), ნიდერლანები (79 ქულით), გერმანია (78 ქულით) და ირლანდია (77 ქულით).

„საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე - ძალაუფლების კონცენტრაციასა და ელიტების ყოვლისმომცველ გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე. რამდენიმე წელია, დემოკრატიული უკუსვლაა საქართველოში, სადაც ღრმავდება სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს. ამის კიდევ ერთი ნიშანია მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, აქტიურ პოლიტიკაში „დაბრუნება“. სწორედ მან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ინსტიტუტების მიტაცებაში. ერთ დროს ანტიკორუფციულ ჩემპიონად მიჩნეულ საქართველოში კორუფციის პრობლემა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ეს ევროკავშირში ინტეგრაციის რამდენიმე მთავარ დაბრკოლებას შორისაა“, - ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მოთხოვნით ახალი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მიუხედავად, მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მას არ მიენიჭა საგამოძიებო უფლებამოსილება, რათა გაუმკლავდეს მაღალი დონის კორუფციას, „რომელიც კვლავაც სარგებლობს დაუსჯელობით“.

„მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება კლეპტოკრატიულ მმართველობაში“, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

აღსანიშნავია, რომ საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში უკეთეს პოზიციაზეა, ვიდრე რეგიონის რომელიმე ქვეყანა. რუსეთს 26 ქულა აქვს (141-ე ადგილი), აზერბაიჯანს - 23 (154-ე ადგილი), თურქეთს 34 (115-ე ადგილი), ხოლო სომხეთს - 47 ქულა (62-ე ადგილი).

საქართველოს ჩამორჩებიან მოლდოვა და უკრაინა, რომლებსაც, შესაბამისად, 42 (76-ე ადგილი) და 36 (104-ე ადგილი) ქულა აქვთ მინიჭებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორუფციის დაუსჯელობის პრაქტიკა, საქართველოს მსგავსად, მოლდოვასა და უკრაინასაც ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანებაში, „თუმცა, ეს ქვეყნები ახორციელებენ არსებით რეფორმებს სასამართლო სისტემაში“.

კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის აფასებს საჯარო სექტორში კორუფციის დონეს ექსპერტებისა და ბიზნესმენების მოსაზრებების საფუძველზე. ინდექსში 100 ქულა საუკეთესო შედეგია, ხოლო 0 ქულა - ყველაზე ცუდი. 2023 წელს, ისევე როგორც 2022-ში, კორუფციის აღქმის ინდექსის კვლევა 180 ქვეყანაში ჩატარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).