ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უკვე მეორედ, დაუშვებლად ცნო ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უფლებადამცველების საჩივარი, რომლითაც პატიმრობის გაუქმება იყო მოთხოვნილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
ამჯერად, გადაწყვეტილება მოსამართლე ვერა დოლიძემ მიიღო, ხოლო 21 იანვარს საჩივრის განხილვაზე უარი მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა თქვა.
„ქართული სასამართლო სისტემა დემონსტრაციულად ამბობს უარს მართლმსაჯულების განხორციელებაზე.
ეს უარიც დაემატება იმ საჩივარს, რომელიც სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
მოსამართლე დოლიძის დასაბუთებული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჯერ არ ჩაბარებია.
მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველები, საია და იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.
14 თებერვალს, მოსამართლე ყოლბაიამ უარი თქვა მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობის განხილვაზე, რაც დაცვის მხარის შეფასებით უკანონო გადაწყვეტილებაა.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, მოწმეებზე ზეწოლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რომელზე დაყრდნობითაც მზია ამაღლობელს 14 იანვარს პატიმრობა შეეფარდა, არ არსებობს, თავიდანვე ხელოვნური და დაუსაბუთებელი იყო.
ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია, გამოძიების მიერ გამოკითხულია ყველა მოწმე (ექვსი პოლიციელი), დაზარალებულად ცნობილი აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და ბრალდებული მზია ამაღლობელი.
„მზია ამაღლობელისათვის ბრალად შერაცხული ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოკადრზე, რომლის შეცვლაც შეუძლებელია რომელიმე მოწმეზე ზემოქმედებით“, - აცხადებს დაცვის მხარე.
მზია ამაღლობელის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხის შეფასებისას სასამართლო მის წინმსწრებ ადმინისტრაციულ დაკავებას დაეყრდნო, თუმცა, ადვოკატები შუამდგომლობაში მიუთითბდნენ, რომ დაკავების ოქმი გაყალბებულია.
კერძოდ, პოლიციის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამაღლობელს აკავებენ მას შემდეგ, რაც მან პოლიციის სამმართველოს შენობის ღობეზე სტიკერი - წარწერით „იფიცება საქართველო“ - მიაკრა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა არ არის, რის გამოც პოლიციამ ოქმი გააყალბა და მიუთითა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციისთვის მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
ამასთან, გაყალბებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ასევე ყალბად არის მითითებული, თითქოს მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ვაზაძემ დააკავა. ვიდეოკადრების მიხედვით, დამკავებელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელიაა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო ვალდებული იყო დაეშვა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გაეუქმებინა მზია ამაღლობელის პატიმრობა.
მზია ამაღლობელი 39-ე დღეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. დაკავების შემდეგ ის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ამაღლობელის თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.
ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის მზია ამაღლობელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მანამდე მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რითაც მზია პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა.
