ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, ოთხი წლის ვადით, შალვა კირთაძე აიჩიეს. ის რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო. არჩევნები 22 თებერვალს ჩატარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
რექტორად არჩევამდე კირთაძე 12 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ მუშაობდა. „ხომ გაგიგიათ - შემირცხვენია ის ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ფიქრობდესო“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ შალვა კირთაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა, რომელსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის, სამეცნიერო და კვლევითი მიმართულების მხარდასაჭერად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.
შალვა კირთაძე 2014 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, არის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი.
2019 წლიდან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდი კოპალიანი იყო. ახალარჩეული რექტორის ინფორმაციით, კოპალიანი მუშაობას აკადემიურ თანამდებობაზე გააგრძელებს.
4 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, ზედიზედ მესამედ, ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ისიც ერთადერთი კანდიდატი იყო. კობიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრია. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად პირველად ის 2015 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს. მან კონკურენტს, რევაზ არველაძეს სამი ხმით აჯობა. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, ხმის მიცემის უფლების მქონე 34 დელეგატიდან ერთ-ერთი, გეგა გობეჯიშვილი, რომელიც რეზი არველაძის მხარდამჭერი იყო, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ, მეორე დღეს გაათავისუფლა.
26 იანვარს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს კახა ბექაური, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. ბექაური იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია „მეცხრე არხის“ დირექტორი. მე-9 არხიდან წამოსვლის შემდეგ ბექაური 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა, ხოლო 2017 წელს იმავე კომისიის თავმჯდომარედ პირველად აირჩიეს.
გასული წლის 27 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. ისიც რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო. სამუშიას „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები რექტორობას იქამდე ულოცავდნენ, ვიდრე ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდებოდა და რექტორის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდებოდა.
20 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს შალვა ჭკადუა, წინა წლებში პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტი. რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ჭკადუაც ერთადერთი კანდიდატი იყო.
18 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად ყარამან ქუთათელაძე აირჩიეს, რომელიც რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მის არჩევას მიესალმა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
2021 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ყოფილი კალათბურთელი და პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატთა ხმების 100% მიიღო. ვიქტორ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარია.